ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე პატიმრების გაცვლა მოხდა ფორმულით „ხუთი ხუთზე“.
ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტას“ ცნობით, 28 აგვისტოს პოლონურ მხარეს გადაცემულთა შორის იყო ჟურნალისტი ანჯეი პოჩობუტი, რომელიც ბელარუსში 2021 წლიდან იმყოფებოდა პატიმრობაში.
მას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი საზღვარზე პირადად შეხვდა.
„ანჯეი პოჩობუტი თავისუფალია! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თქვენს პოლონურ სახლში, ჩემო მეგობარო“, - დაწერა ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ზე და პოლონური წარმოშობის ჟურნალისტთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ჟურნალისტ ანჯეი პოჩობუტის ბელარუსის ციხიდან გათავისუფლება მნიშვნელოვანი დღე იყო პოლონურ-ამერიკული ალიანსისთვის.
Reuters-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბელარუსში, ჯონ კოულმა, ადრე განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ხელი შეუწყო ორი მოლდოველის და სამი პოლონელის, მათ შორის პოჩობუტის, გათავისუფლებას ბელარუსის ციხიდან.
„ბელტას“ ცნობით, პერეროვ-ბელოვეჟას საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გაცვლა იყო „ბელარუსის "კგბ-სა" და პოლონეთის დაზვერვას შორის რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესის კულმინაცია“, რომელიც ლუკაშენკოს გადაწყვეტილებით მოხდა.
ანდჟეი პოჩობუტი წარმოშობით პოლონელია და არის აქტივისტი პოლონელების კავშირისა, რომელიც ბელარუსში არ არის აღიარებული.
იგი 2021 წლის მარტში დააკავეს და 2023 წელს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ეთნიკური სიძულვილის გაღვივებისა და ბელარუსის უსაფრთხოების შელახვის ბრალდებით.
პოლონეთმა მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები შეაფასა, როგორც უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული.
2025 წლის ოქტომბერში ევროპარლამენტმა პოჩობუტს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელთან ერთად, მიანიჭა ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია „აზროვნების თავისუფლებისთვის“.