ფინეთის ხელისუფლებამ ომის მოწინააღმდეგე რუსული ოჯახის, ოლგა და ნიკიტა ბელოვების, დეპორტაცია შეაჩერა. ამის შესახებ "რუსეთის ომის მოწინააღმდეგე კომიტეტმა" განაცხადა.
„ოლგა და ნიკიტა ბელოვების დეპორტაციის გადაწყვეტილება დროებით შეჩერდა; ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ მათ დაცვაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბელოვების ოჯახს, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ფინეთს შეაფარა თავი, თავშესაფარი არ მიეცა და დეპორტაცია ემუქრებოდა.
56 წლის ოლგა ბელოვა სამშობლოში მედიკოსად, ხოლო მისი ვაჟი ინჟინრად მუშაობდა ქარხანაში, რომელმაც სამხედრო კონტრაქტების შესრულება დაიწყო.
რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ბელოვმა უარი თქვა მუშაობის გაგრძელებაზე და, მისი თქმით, მუქარისა და ზეწოლის სამიზნე გახდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ფინეთში დედა-შვილი უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარებოდა და FinEst-ის ჰუმანიტარულ მოხალისეთა ცენტრთან თანამშრომლობდა. მათ ასევე ორგანიზება გაუწიეს საინფორმაციო პიკეტებს და შეაგროვეს თანხები, მათ შორის უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის პირველადი დახმარების ნაკრებებისა და არმიის სხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
ფინეთის მიგრაციის სამსახურმა ბელოვების მხრიდან უკრაინის მხარდამჭერი საქმიანობა შეაფასა, როგორც „მცირე მასშტაბისა“ და რუსეთის ხელისუფლებისთვის არანაირი ინტერესის მქონედ. ფინეთის ოფიციალურმა პირებმა ასევე დაასკვნეს, რომ ბელოვების საქმიანობა და პოზიცია არ წარმოადგენს „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის რეალურ საფრთხეს დაბრუნების შემდეგ“.
რუსი ოჯახის ადვოკატები კი თვლიან, რომ უკრაინის არმიისა და ლტოლვილებისთვის ფინანსური და მატერიალური დახმარების შეგროვება ნამდვილად სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება რუსეთში. ადამიანის უფლებათა დამცველები მიიჩნევენ, რომ ბელოვებს რუსეთში შეიძლება სხვადასხვა ბრალდება წაუყენონ, მათ შორის ღალატისა.
2025 წლის იანვრიდან სექტემბრამდე ფინეთის ხელისუფლებამ უარი უთხრა დეპორტაციასა და თავშესაფარზე რუსეთის მოქალაქეების 90%-ს - სულ 104 მოქალაქეს.
უმეტეს შემთხვევაში, განმცხადებლები რუსეთიდან გარბიან მობილიზაციის თავიდან ასაცილებლად. უარის თქმისას ფინეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ რუსეთში მობილიზაცია დასრულდა - ის იშველიებდა ყოფილი თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებებს.