თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურ „ისანში“ კაცი ლიანდაგებში ჩავარდა. ამის გამო მოძრაობა რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო.
რადიო თავისუფლებას თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს, რომ მგზავრი ცოცხალია, მას „მატარებელი არ შეხებია“. მის ამოსაყვანად დროებით გამორთეს მატარებლის გადასაადგილებლად საჭირო ძაბვა.
რა მიზეზით მოხვდა კაცი მატარებლის ლიანდაგებში, უცნობია.
განახლება: მოგვიანებით, რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით: ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ორ წლამდე ვადით.