"პროექტი": პატრუშევს და აბრამოვიჩს კავშირი აქვთ სანქციებისთვის გვერდის ავლით რუსეთიდან ფულის გატანის ქსელთან

ნიკოლაი პატრუშევი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თანაშემწე, "ეფესბეს" ყოფილი ხელმძღვანელი და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ნიკოლაი პატრუშევი და ასევე ბიზნესმენები რომან აბრამოვიჩი და ვლადიმირ ევტუშენკოვი აღმოჩნდნენ მოგების მიმღები პირები რუსეთის SWIFT-ისგან გამოთიშვის და სხვა სანქციების დაწესების შემდეგ. ისინი გახდნენ იმ კომპანიათა ქსელის წევრები, რომლებიც მუშაობენ ფულის საზღვრებს შორის გადარიცხვებზე და რომელთა მეშვეობითაც რუსეთიდან ფული გადის. ამ ინფორმაციას შეიცავს გამოცემა "პროექტის" გამოძიება.

კერძოდ, ადვოკატი ალან კირიუხინი - რომლის უკანაც, გამოცემის თანახმად, პატრუშევი დგას - ფლობს კომპანიებს, "ფარვატერ ფინანსსა" და "რუსკრიპტოტრეიდს", ყოველწლიური შემოსავლით 1,3 მილიარდი რუბლის ოდენობით.

ამ კომპანიების გავლით კლიენტი, რომელიც რუბლებს სახელმწიფო ბანკის, ПСБ-ის ანგარიშზე გზავნის, ფულს იღებს უცხოეთის ბანკში მოქმედ ანგარიშზე - გაარკვია გამოცემამ. ამ მომსახურების საკომისიო საფასური 1,25 პროცენტამდეა.

კრიპტოვალუტის მეშვეობით სანქციებისთვის გვერდის ავლის უმსხვილესი მოთამაშეა გადახდის მომსახურება A7, რომელიც შექმნეს ბანკმა ПСБ-მ და მოლდოვიდან გაქცეულმა ოლიგარქმა, ილან შორმა. "პროექტის" წყაროს შეფასებით, ამ კომპანიაზე მოდის 15-პროცენტიანი წილი რუსეთის საზღვარგარეთ გადარიცხვების ბაზარზე.

A7-ს სანქციები აქვს დაწესებული აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, მონაკოს მხრიდან, თუმცა იმ 21 კომპანიიდან, რომლებიც მისი შენიღბვის მიზნით დაარსდა, სანქციების სიაში შეტანილია მხოლოდ სამი - წერს "პროექტი".

გამოცემამ გაარკვია, რომ ამ სერვისს კავშირი აქვს რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩთან. ოფისებში, რომლებიც აბრამოვიჩს ეკუთვნის, რეგისტრირებულია А7-ის შვილობილი კომპანიები. ამასთან, კომპანიების ჯგუფი "ფარმსტანდარტი", რომელიც აბრამოვიჩის ახლობელს, ვიქტორ ხარიტონინს, ეკუთვნის, A7-ს მსხვილ სესხებს აძლევს.

"პროექტის" წყარომ აბრამოვიჩს უწოდა A7-ის "მფარველი და სპონსორი", თუმცა ბიზნესმენის წარმომადგენელი გამოცემასთან კომენტარში ამას უარყოფს.

სანქციებისთვის თავის არიდების სქემით ასევე სარგებლობს მილიარდერი ვლადიმირ ევტუშენკოვი, AFK Sistema-ს მფლობელი - იუწყება "პროექტი". 2022 წელს მისმა "სისტემა კრიპტომ" შეიძინა მაინინგის ორი ცენტრი მოსკოვთან მდებარე სერპუხოვში და მაგადანში, შემდეგ კი საზღვრებს შორის გადარიცხვებში ჩაერთო. მისი სერვისი "სისტემა-კრიპტო" პოზიციონირებს, როგორც "სწრაფი გადარიცხვების" პლატფორმა, სადაც "ვალუტას მნიშვნელობა არ აქვს". 2025 წელს მან 967 მილიონი რუბლის ღირებულების კრიპტოვალუტა მიჰყიდა რუსეთის 18 კომპანიას, რომელთაგან სამი აშშ-ის სანქციების სიაშია.


ასევე ნახეთ

ევროკავშირი განიხილავს SWIFT-დან 20 რუსული ბანკის გათიშვის საკითხს