ტრამპი ირანის ახალ წინადადებას განიხილავს, თუმცა მის მიღებას ნაკლებად ელის

დონალდ ტრამპი, ფლორიდა, 2026 წლის 2 მაისი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მალე განიხილავს თეირანის მიერ შეთავაზებულ ახალ სამშვიდობო წინადადებას, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ „ვერ წარმოუდგენია“, ეს მისაღები იყოს.

ის ასევე მიანიშნებს ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების განახლების შესაძლებლობაზე.

„მალე განვიხილავ გეგმას, რომელიც ირანმა ახლახან გამოგვიგზავნა, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რომ მისაღები იყოს, რადგან მათ ჯერ არ გადაუხდიათ საკმარისად დიდი ფასი იმ ყველაფრისთვის, რაც კაცობრიობისა და მსოფლიოს მიმართ ბოლო 47 წლის განმავლობაში ჩაიდინეს“, - დაწერა მან 2 მაისს სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.

მანამდე მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ უკვე გააცნეს თეირანის შეთავაზების ძირითადი კონცეფცია, თუმცა დეტალებზე ინფორმაციას საკუთარი მრჩევლებისგან ელის.

მისივე მინიშნებით, ირანის მხრიდან „არასწორი ქცევის“ შემთხვევაში, შესაძლოა, დარტყმების განახლება.

„მათ [აშშ-ის მრჩევლებმა] მომიყვნენ შეთანხმების კონცეფციაზე. ახლა ზუსტ ფორმულირებასაც მომაწვდიან“, - თქვა დონალდ ტრამპნა, როცა ფლორიდის ვესტ პალმ ბიჩიდან მაიამის მიმართულებით ფრენაზე ადიოდა, სადაც ის შაბათ-კვირას ხშირად ატარებს.

კითხვას, შეიძლება თუ არა ირანის წინააღმდეგ დარტყმების განახლება, ტრამპმა უპასუხა:

„არ მინდა ამის თქმა. ანუ, ამას რეპორტიორს ვერ ვეტყვი. თუ ისინი არასწორად მოიქცევიან, თუ რამე ცუდს გააკეთებენ, ვნახავთ. მაგრამ ეს არის შესაძლებლობა, რაც შეიძლება მოხდეს“.

რამდენიმე საათით ადრე, ირანის მაღალჩინოსანმა გაამჟღავნა თეირანის მიერ წარდგენილი სამშვიდობო წინადადების დეტალები და თქვა, რომ იგი 14 პუნქტისგან შედგება, რომელთა შორის ბევრია ისეთი, რაც ტრამპს უკვე უარყოფილი აქვს.

თეირანის წინადადება მოიცავს ხშირად განხილულ პირობებს, როგორიცაა ჰორმუზის სრუტის გახსნა და ირანული პორტების მიმართ აშშ-ის ბლოკადის დასრულება, მაშინ როცა ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების გადადება მოგვიანებით ეტაპზე იგეგმება.

  • ირანის სხვა პირობებს შორისაა:
  • ირანის მიმდებარე რეგიონებიდან აშშ-ის ძალების გაყვანა
  • გაყინული ირანული აქტივების განბლოკვა
  • ომის ზიანისთვის კომპენსაციის გადახდა
  • სანქციების ეტაპობრივი მოხსნა თეირანის მიმართ
  • საბრძოლო მოქმედებების სრულად შეწყვეტა, მათ შორის ლიბანში


აპრილის ბოლოს აშშ-ის მაღალჩინოსანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ტრამპი ძალიან უკმაყოფილოა თეირანის მიერ გამოთქმული ბოლო წინადადებით ომის დასრულების თაობაზე.

გამოცემა Axios-ი სამ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანის მიერ წამოყენებული გეგმა ითვალისწინებს ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის ბლოკადის მოხსნას და თეირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების უფრო გვიან გადატანას. ირანში ჯერ არ დაუდასტურებიათ ამგვარი გეგმის არსებობა.

ძალაში რჩება ტრამპის მიერ ინიციირებული ცეცხლის შეწყვეტა. თავად ტრამპი 28 აპრილს აცხადებდა, რომ თეირანს სურს ვაშინგტონმა "რაც შეიძლება სწრაფად გახსნას ჰორმუზის სრუტე".

ასევე ნახეთ

ირანმა პაკისტანს გადასცა აშშ-სთან მოლაპარაკების ახალი გეგმა