უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინულმა საზღვაო დრონებმა დააზიანეს რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ორი ნავთობის ტანკერი, რომლებიც რუსეთის კრასნოდარის მხარის ნოვოროსიისკის პორტის აკვატორიაში იმყოფებოდა.
„ეს ტანკერები აქტიურად გამოიყენებოდა ნავთობის ტრანსპორტირებისთვის. ახლა აღარ გამოიყენება“, - დაწერა ზელენსკიმ პლატფორმა X-ზე.
„უკრაინის შორი მოქმედების შესაძლებლობები ყოვლისმომცველად განვითარდება - ზღვაზე, ჰაერსა და ხმელეთზე“.
მან ასევე გაავრცელა შავ-თეთრი ვიდეო, სადაც მისი ინფორმაციით, გემების სილუეტებია ასახული.
რუსეთის ხელისუფლებას ნოვოროსიისკის მახლობლად გემების დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
გასული წლის ნოემბერში უკრაინამ საზღვაო დრონებით იერიში მიიტანა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ორ ტანკერზე, რომლებიც შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან ახლოს იმყოფებოდა.
გარდა ამისა, არაერთხელ გახდა იერიშის სამიზნე ნოვოროსიისკის პორტი და იქ მდებარე ნავთობის ექსპორტის ტერმინალი.