საფრანგეთისა და გერმანიის საელჩოები საქართველოში პრესის თავისუფლების დღეს ეხმაურებიან

საილუსტრაციო ფოტო - ტელეკომპანიების მიკროფონები

საფრანგეთისა და გერმანიის საელჩოები საქართველოში მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით განცხადებებს ავრცელებენ.

„ვინაიდან მოქალაქეებისთვის სანდო ინფორმაციის გარეშე დემოკრატია შეუძლებელია, ვინაიდან ხარისხიანი ინფორმაცია მწირი და მყიფე გახდა იმ დროს, როდესაც პროპაგანდა და პოლიტიკური მარკეტინგი ზოგჯერ მარტივი ჭეშმარიტების ძიებას ახშობს, საფრანგეთის საელჩოს საქართველოში, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, 3 მაისს, სურს, მხარდაჭერა დაუდასტუროს ყველა ქართველ ჟურნალისტს, რომლებიც, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, თავიანთ საქმიანობას ასრულებენ გულმოდგინედ და გაბედულად, საზოგადოებრივი განხილვის გაშუქების მიზნით“, - ვკითხულობთ საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იქ ამასთანავე აღნიშნულია, რომ საჯარო ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, შექმნას ისეთი პოლიტიკური და პრაქტიკული სამართლებრივი პირობები, რომელშიც შესაძლებელი იქნება ჟურნალისტების გამოხატვის აუცილებელი თავისუფლების განხორციელება.

საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გერმანია მტკიცედ დგას იმ ჟურნალისტების გვერდით, რომლებიც ფაქტების გულისთვის საკუთარ უსაფრთხოებას რისკავენ:

„მამაცი ხმების გარეშე სიმართლე სინათლეს ვერ ხედავს. დღეს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღინიშნება. დღე, რომელიც გვახსენებს, რომ პრესის თავისუფლება არა პრივილეგია, არამედ ყველა დემოკრატიის ფუნდამენტია. განსაკუთრებით, რთულ პერიოდებშია დამოუკიდებელი მედიის არსებობა აუცილებელი. იგი ხედავს, იმას რასაც სხვები არ ამჩნევენ, ამხელს კორუფციას და ხალხს გამოხატვის შესაძლებლობას აძლევს. გერმანია მტკიცედ დგას იმ ჟურნალისტების გვერდით, რომლებიც ფაქტების გულისთვის საკუთარ უსაფრთხოებას რისკავენ".

გერმანიის საელჩოს განცხადებაში ასევე მითითებულია ლინკი ონლაინ მედიის ქსელის, „სინათლის“ მუშაობის შესახებ.

საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში ერთ წელიწადში 114-დან 135-მდე ჩამოქვეითდა. ახალი რეიტინგით, ქვეყანა ჩამორჩება ისეთ სახელმწიფოებს, როგორებიცაა ზიმბაბვე, სომალი, უგანდა, მალი, ნიგერია, ჩადი და პაპუა-ახალი გვინეა.

135-ე ადგილი ამ რეიტინგში მიუთითებს, რომ საქართველოში პრესის თავისუფლების მდგომარეობა „რთულად“ არის შეფასებული.

ასევე ნახეთ

საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში 21 ადგილით ჩამოქვეითდა