ამ ცნობას IRGC-სთან კავშირების მქონე ირანული სააგენტო „ტასნიმი“ ავრცელებს.
ამავე წყარომ საათებით ადრე დაწერა თეირანის მიერ აშშ-სთვის, პაკისტანის შუამავლობით, შეთავაზებული 14-პუნქტიანი გეგმის დეტალებზე და რომ ირანის შეთავაზება არა "ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებას", არამედ "ომის დასრულებას" ისახავს მიზნად. ვაშინგტონისთვის შეთავაზებულ პუნქტებს შორისაა: აგრესიაზე უარის თქმის გარანტიები, აშშ-ის სამხედრო ძალების გაყვანა ირანის გარშემო ტერიტორიებიდან, სანაოსნო ბლოკადის მოხსნა, ირანის გაყინული აქტივების გათავისუფლება, კომპენსაციების გადახდა, სანქციების მოხსნა და ყველა ფრონტზე ომის დასრულება, ლიბანის ჩათვლით. ჩამონათვალშია აგრეთვე ჰორმუზის სრუტისთვის ახალი მექანიზმის შექმნა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ უკვე გააცნეს თეირანისგან შეთავაზების ძირითადი კონცეფცია. მან 2 მაისს სოციალურ ქსელში დაწერა:
„მალე განვიხილავ გეგმას, რომელიც ირანმა ახლახან გამოგვიგზავნა, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რომ მისაღები იყოს, რადგან მათ ჯერ არ გადაუხდიათ საკმარისად დიდი ფასი იმ ყველაფრისთვის, რაც კაცობრიობისა და მსოფლიოს მიმართ ბოლო 47 წლის განმავლობაში ჩაიდინეს“.
პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თეირანის „არასწორად“ მოქცევის შემთხვევაში არ გამორიცხავს აშშ-ის მიერ დარტყმების განახლებას:
„თუ ისინი არასწორად მოიქცევიან, თუ რამე ცუდს გააკეთებენ, ვნახავთ. მაგრამ ეს არის შესაძლებლობა, რაც შეიძლება მოხდეს“.