CENTCOM-ი, პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივით, 4 მაისის დილიდან შეუდგება ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნავიგაციის აღდგენას

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებული ფოტო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივას ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემებისთვის თავისუფალი ნავიგაციის აღდგენაზე, რომელსაც ეწოდა „თავისუფლების პროექტი“ (Project Freedom).

ოპერაციის დაწყებამდე საათებით ადრე გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ძალები 4 მაისს შეუდგებიან მისიის შესრულებას:

"მისია, რომელიც პრეზიდენტის მითითებით ხორციელდება, ხელს შეუწყობს სავაჭრო გემებს თავისუფლად გაიარონ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სავაჭრო დერეფანი. მსოფლიო ნავთობის საზღვაო გადაზიდვის მეოთხედი და საწვავისა და სასუქების მნიშვნელოვანი მოცულობა ამ სრუტეზე გადის".

CENTCOM-ის მეთაურმა - ადმირალმა ბრედ კუპერმა განაცხადა:

„ჩვენს მიერ ამ თავდაცვითი მისიის მხარდაჭერას არსებითი მნიშვნელობა აქვს რეგიონის უსაფრთხოებისა და გლობალური ეკონომიკისთვის, ამასთან ვინარჩუნებთ სანაოსნო ბლოკადას“.

გასულ კვირაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ომის დეპარტამენტთან ერთად გამოაცხადა ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო პარტნიორებს შორის კოორდინაციასა და ინფორმაციის გაცვლას, სრუტეში საზღვაოსნო უსაფრთხოების მხარდასაჭერად:

"„საზღვაოსნო თავისუფლების კონცეფცია“ (Maritime Freedom Construct) არის დიპლომატიური მოქმედებებისა და სამხედრო კოორდინაციის ერთობლიობა, რომელსაც ექნება კრიტიკული მნიშვნელობა „თავისუფლების პროექტის“ განხორციელებისას".

ცენტრალური სარდლობის თანახმად, „თავისუფლების პროექტის“ სამხედრო მხარდაჭერაში ჩართული იქნებიან: მართვადი რაკეტების გამანადგურებლები, ასზე მეტი სახმელეთო და საზღვაო ბაზირების თვითმფრინავი, მრავალდომენიანი უპილოტო პლატფორმები და 15 ათასი სამხედრო.

3 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ის გვერდზე დაპოსტა, რომ "ქვეყნებმა მთელი მსოფლიოდან, რომელთაგან თითქმის არც ერთი არ არის ჩართული შუა აღმოსავლეთის უთანხმოებაში", აშშ-ებს სთხოვეს "ხომ არ შეგვიძლია ჰორმუზის სრუტეში ჩაკეტილი მათი გემების გათავისუფლებაში დახმარება", რაზეც დონალდ ტრამპს, მისივე პოსტის თანახმად, უპასუხია "ირანის, შუა აღმოსავლეთისა და აშშ-ის საკეთილდღეოდ, ამ ქვეყნებს ვუთხარით, რომ უსაფრთხოდ გავიყვანთ მათ გემებს ამ აკრძალული საზღვაო მარშრუტიდან".

ასევე ნახეთ

ირანი ფიქრობს, რომ იმარჯვებს - ამ ხედვით არის ნაკარნახევი მისი სტრატეგია ომსა და მოლაპარაკებებში

აშშ-ის პრეზიდენტმა დაასახელა "თავისუფლების პროექტის" დაწყების დროც - 4 მაისის დილა "შუა აღმოსავლეთის დროით".

პრეზიდენტმა ტრამპმა აგრეთვე აღნიშნა, რომ მის წარმომადგენლებს "ძალიან პოზიტიური დისკუსიები აქვთ ირანთან და ამ დისკუსიებმა შეიძლება ყველასთვის ძალიან დადებითი შედეგი მოიტანოს".

ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემების თავისუფალი ნავიგაციის აღდგენას დონალდ ტრამპი უწოდებს "ჰუმანიტარულ ჟესტს აშშ-ის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების და განსაკუთრებით, ირანის სახელით". ის იმედს გამოთქვამს, რომ ეს მისია იქნება "კეთილი ნების გამოვლენა ყველას მხრიდან, ვინც ბოლო თვეებში ასე ინტენსიურად იბრძოდა", თუმცა იქვე აზუსტებს, რომ პროცესისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში, "საჭირო იქნება ძალისმიერი გამკლავება".

"ალ ჯაზირას" ინფორმაციით, ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ებრაჰიმ აზიზიმ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში გამავალ მარშრუტზე აშშ-ის ჩარევა "ჩაითვლება ცეცხლის შეწყვეტის დარღვევად".

ამის პარალელურად, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ თეირანმა მიიღო ვაშინგტონის პასუხი თავის 14-პუნქტიან შეთავაზებაზე, რომელსაც განიხილავს.

2026 წლის 28 თებერვალს, აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე საჰაერო იერიშების დაწყების შემდეგ, ირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა. 13 აპრილს კი, თეირანთან წარუმატებელი მოლაპარაკებების ფონზე, ვაშინგტონმა ირანის პორტებთან მიმოსვლა დაბლოკა.

ასევე ნახეთ

"ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" აცხადებს, რომ აშშ-სთან ომში დაბრუნებისთვის მზადყოფნის რეჟიმშია