კობახიძე და ბოჭორიშვილი ზელენსკის შეხვდნენ

ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ), ირაკლი კობახიძე და მაკა ბოჭორიშვილი.

სომხეთში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინის პრეზიდენტს შეხვდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის კომუნიკაციაზე ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა, რომელშიც ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები (საქართველოდან მაკა ბოჭორიშვილი და უკრაინიდან ანდრი სიბიჰა) მონაწილეობდნენ, უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა.

„საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობებს შეეხო“, - წერია მედიისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.

დამატებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ შეხვდა ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს:

„გავცვალეთ მოსაზრებები რიგ ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე. ასევე, განვიხილეთ ევროპული ინტეგრაცია და ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი გლობალურ საქმეებში“.

სიბიჰას თანახმად, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივად მომგებიანი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების საკითხი

„შევთანხმდით, რომ შემდგომ კონტაქტს გავაგრძელებთ“, -წერს სიბიჰა.

EPC-ის სამიტი

  • დღეს, 4 მაისს სომხეთის დედაქალაქ ერევანში დაიწყო „ევროპის პოლიტიკური საზოგადოების“ (EPC) სამიტი, რომელსაც ესწრებიან ევროკავშირის, წევრი ქვეყნების, რეგიონის ქვეყნებისა და, ასევე, ბრიტანეთისა და კანადის პირველი პირები.
  • ეს ფორმატი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ შეიქმნა და სომხეთი მასპინძლობს მის მერვე სამიტს. სამიტის თანათავმჯდომარეები არიან პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა.
  • ღონისძიების სლოგანია „მომავლის შენება: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში“ და იმართება ერევანში, კარენ დემირჭიანის სახელობის სპორტულ და საკონცერტო დარბაზში.


უკრაინაში ომი

  • რუსეთმა უკრაინაში ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. მას შემდეგ არაერთი დარტყმა მიიტანა სტრატეგიულ ობიექტებზე, საავადმყოფოებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე. საპასუხო დარტყმებს ახორციელებს უკრაინაც.
  • ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის.
  • „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ევროკავშირის ბიუროკრატებსა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა სურთ.