ასეთია დიდი ბრიტანეთისა და კიდევ 15 ქვეყნის საერთო განცხადება პრესის დამოუკიდებლობის მსოფლიო დღესთან, 3 მაისთან დაკავშირებით.
„მზია ამაღლობელის მსგავსი ჟურნალისტის დაპატიმრების მიზანი არის მთლიანად ამ პროფესიის მქონე ადამიანების დაშინების მცდელობა“, - აცხადებენ ხელმომწერი ქვეყნები.
ეს ქვეყნები არიან:
- დიდი ბრიტანეთი
- ფინეთი
- ავსტრია
- ბელგია
- დანია
- ესტონეთი
- გერმანია
- ისლანდია
- ირლანდია
- ლატვია
- ლიეტუვა
- ლუქსემბურგი
- ნიდერლანდი
- ნორვეგია
- პოლონეთი
- შვედეთი
ეს ქვეყნები აკომპლექტებენ „მედიის თავისუფლების კოალიციას“, რომლის თანათავმჯდომარეებიც არიან დიდი ბრიტანეთი და ფინეთი.
„მედიის თავისუფლების მსოფლიო დღე, რომელიც ყოველწლიურად 3 მაისს აღინიშნება, შესაძლებლობაა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ ხაზი ჟურნალისტიკის როლს და ამავე დროს ყურადღება გავამახვილოთ იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ეს პროფესია დგას“, - აცხადებენ ისინი.
„საქართველოში შემაშფოთებელ ტენდენციებს ვხედავთ“, - ამბობენ ისინი.
„ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში მომხსენებელი ხაზს უსვამს ძალადობის სისტემურ ხასიათს 2024–2025 წლებში თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში გამართული საპროტესტო აქციების დროს, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაზე“, - წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადება ბრიტანეთის საელჩომ გამოაქვეყნა.
„მედიის თავისუფლების კოალიციის“ წევრი ქვეყნების ამ განცხადებას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილი.
4 მაისს ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში მან „ნიანგის ცრემლები“ უწოდა.
„როდესაც კითხულობ ამ ყალბი პათეტიკით გაჯერებულ ტექსტს იმ საელჩოს მხრიდან, რომელიც უკვე ორი თვეა ორი წამყვანი ქართული მედიის მოკვლას ცდილობს, მხოლოდ ერთი შეფასება გიჩნდება - ნიანგის ცრემლები“, - დაწერა მან.
- 2026 წლის აპრილის ბოლოს გამოქვეყნებული ახალი ინდექსის თანახმად, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში ერთ წელიწადში 114-დან 135-მდე ჩამოქვეითდა.
- ახალი რეიტინგით, ქვეყანა ჩამორჩება ისეთ სახელმწიფოებს, როგორებიცაა ზიმბაბვე, სომალი, უგანდა, მალი, ნიგერია, ჩადი და პაპუა-ახალი გვინეა.
- 135-ე ადგილი ამ რეიტინგში მიუთითებს, რომ საქართველოში პრესის თავისუფლების მდგომარეობა „რთულად“ არის შეფასებული.
- პრესის თავისუფლების ინდექსი აფასებს მედიაგარემოს სხვადასხვა კომპონენტს 180 ქვეყანაში, მათ შორის ჟურნალისტების უსაფრთხოებას, მედიის დამოუკიდებლობას ჩარევებისგან და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
- მისი ავტორია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“(RSF) - საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იცავს პრესის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უფლებებს მსოფლიოში.