ბოლო მონაცემებით, გიორგი უძილაური იკავებდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობას. ის დღეს, 5 მაისს, საგამოძიებო სამსახურის შენობაში დააკავეს.
რას ედავებიან?
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილე ლაშა მაღრაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე არც გიორგი უძილაურის ვინაობა არ დაასახელა და არც ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.
„დაკავებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე, წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ კონტაქტის, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით“, - თქვა მან და აღნიშნა, რომ გიორგი უძილაურის დასაკავებლად კონტრდაზვერვის დეპარტამენტი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა.
„რუსთავი 2-ის" ცნობით, გიორგი უძილაურს ედავებიან „ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ“ ჯაშუშობას.
როგორ გამოიძიეს საქმე?
მაღრაძის თქმით, ფარული საგამოძიებო მოქმედებებით დაადგინეს, რომ გიორგი უძილაური „თავისი ამჟამინდელი სამსახურებრივი მდგომარეობის, წარსულში დაკავებული თანამდებობებისა და სხვადასხვა უწყებაში არსებული პირადი კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების სასარგებლოდ, სისტემურად ახორციელებდა ინფორმაციის მოპოვებასა და მათთვის გადაცემას“.
მოსალოდნელი სასჯელი
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით, რაც 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გიორგი უძილაური და ბიძინა ივანიშვილი
ფინანსურ პოლიციაში მუშაობის დაწყებამდე, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული უძილაური „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო.
სხვა დაკავებული სახელმწიფო უწყებაში
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 25 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანის“ ბრალდებით დააკავეს უწყების ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი. მას სისხლის სამართლის კოდექსის 321-ე მუხლით 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.