"ფორმულის" ჟურნალისტ ელისო ჯარიაშვილის თანახმად, გურამ როგავაზე თავდამსხმელზე რეპორტაჟის შემდეგ პროკურატურაში დაიბარეს

გურამ როგავა და ელისო ჯარიაშვილი (ფოტოკოლაჟი)

ტელეკომპანია "ფორმულის" ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი წერს, რომ საგამოძიებო რეპორტაჟის შემდეგ, პროკურატურიდან დაუკავშირდნენ და გამოკითხვაზე დაიბარეს.

საქმე ეხება ტელეკომპანიის ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლის თანახმადაც, გამოავლინეს "ფორმულის ყოფილ ჟურნალისტზე, გურამ როგავაზე 2024 წლის ნოემბრის აქციებისას თავდამსხმელის სავარაუდო ვინაობა".

ელისო ჯარიაშვილი წერს, - "მიუხედავად იმისა, რომ ამის სამართლებრივი აუცილებლობა არ არის, რადგან გურამ როგავაზე შესაძლო თავდამსხმელის ვინაობა მათთვის უკვე ცნობილია და შესაბამისად შეუძლიათ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება", - დღესვე მაინც მივა უწყებაში.

"სახელს და გვარს ადგილზეც გავუმეორებ, თუ ამ ფორმალობას მათთვის მნიშვნელობა აქვს", წერს ელისო ჯარიაშვილი.

რადიო თავისუფლება ელოდება ელისო ჯარიაშვილის დაბარებასთან დაკავშირებით პროკურატურის პასუხს.

  • ახალგაზრდა კაცი, ინიციალებით ი.შ. - რომლის სახელსა და გვარსაც „ფორმულაც“ არ ასახელებს - როგავაზე თავდასხმას უარყოფს.
  • „სპეცრაზმის“ ყოფილი უფროსი ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) ამბობს, რომ ეს სახელი „პირველად ესმის“.
  • ტელევიზიის ცნობითვე, სახელმწიფო უწყებები არ აზუსტებენ, გამოჰკითხეს თუ არა აღნიშნული პირი, და ამბობენ, რომ გამოძიება გრძელდება.


თავდასხმა გურამ როგავაზე

გურამ როგავაზე ამ დრომდე უცნობმა, ნიღბიანმა სამართალდამცავმა - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, - 2024 წლის 29 ნოემბერს, გვიან ღამით, აქციის დაშლის დროს იძალადა.

გურამ როგავა პირდაპირ ეთერში აშუქებდა აქციის დარბევას - პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. მასზე ძალადობის კადრი რადიო თავისუფლებამ გადაიღო. დარტყმის შემდეგ პოლიციელი გაიქცა.

  • გურამ როგავა დაზარალებულად ცნეს, თუმცა გამოძიებას თავდამსხმელი არ დაუდგენია.
  • არც როგავას და არც სხვა ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლის, მათზე ძალადობის, - ისევე, როგორც დემონსტრანტებზე ძალადობის, - გამო არავინ დასჯილა.
  • დემონსტრაციების მონაწილე ასობით მოქალაქე დააკავეს, ათობით მათგანს კი ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს.

ვინ არის სავარაუდო თავდამსხმელი

„ფორმულის“ თანახმად, „სისტემიდან რამდენიმე, სხვადასხვა წყაროს“ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პროგრამამ „ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან“, ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება და დაახლოებით წელიწად-ნახევრის შემდეგ გურამ როგავაზე სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა.

ინფორმაცია, ტელეარხის ცნობით, მიაწოდეს შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან, მოქმედმა თანამშრომელმა, და ეს ინფორმაცია რამდენიმე წყარო დაუდასტურა მათ.

ჟურნალისტური გამოძიების წყაროების თანახმად, - რომელთა ვინაობაც დაზუსტებული არ არის, - სავარაუდო თავდამსხმელი:

  • ირიცხებოდა „მართლწესრიგისა და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის მთავარ სამმართველოში“;
  • იყო ე.წ. „დამრბევების დანაყოფში“;
  • სწავლობდა „სასულიერო სკოლაში“;
  • თავდასხმის დროს ის იყო 21 წლის;
  • ამჟამად მუშაობს კერძო დაცვის სამსახურში.


„სასულიერო სასწავლებელი“

მისი ოჯახის წევრმა უთხრა სახლთან: „მეც პოლიციაში ვმუშაობდი... ჩემს პირად ამბავს ვერასოდეს ვერ გეტყვით თქვენ... რატომ მალავს? არაფერს არ მალავს მაგი“.

„არა, დედა, რაი დარბევა, ისეთი ბავშვია, სასულიერო სკოლა აქვს დამთავრებული“, - უთხრა ტელევიზიის გუნდს, - მათ შორის, თავად გურამ როგავას, - ოჯახის კიდევ ერთმა წევრმა.

ასევე ნახეთ

„ფორმულა“: გამოვავლინეთ ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდამსხმელი სპეცრაზმელის სავარაუდო ვინაობა

„არანაირი ფაქტი არ გაგაჩნიათ“ - ამბობს ის

„არანაირი ფაქტი არ გაგაჩნიათ... კარგად ბრძანდებოდეთ“ - უთხრა ახალგაზრდა კაცმა, ინიციალებით ი.შ. ჟურნალისტს, როდესაც მან როგავაზე თავდასხმის შესახებ დაუსვა შეკითხვა.

„კარგად იყავით, რა“ - ასე უპასუხა მან მეორე ზარს.

„ტყუილია, კარგად ბრძანდებოდეთ. და ჩემს ოჯახს ნუ აწუხებთ“, - მისწერა მან „ფორმულას“ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზე პასუხად. მას სხვა კითხვებზე - თუ ტყუილია, სად იმყოფებოდა დარბევის ღამეს, - არ უპასუხია.

გდდ-ს ყოფილი უფროსი ზვიად ხარაზიშვილი ამბობს:

„პირველად მესმის“

„პირველად მესმის ეგ სახელი და გვარი... არა, ნამდვილად არ ვიცნობ“.

ჟურნალისტის კითხვაზე, „გდდ-ში არ უმუშავია და რომ ემუშავა, გეცოდინებოდათ“, უპასუხა: „რა თქმა უნდა, მეცოდინებოდა. ნამდვილად არ მეცნობა ეგ სახელი და გვარი, ჩემ გარშემო არ ყოფილა“.

შემდეგ, შეთავაზებაზე, რომ ფოტოს ჩაუგდებდა, ხარაზიშვილმა უთხრა: „არ ვიცნობ, ახლა, ხუთი ათას კაცში როგორ უნდა ვიცნო ყველა, ხო“?

ზვიად ხარაზიშვილი - აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული და პრეზიდენტ ყაველაშვილის მიერ ღირსების ორდენით დაჯილდოებული ყოფილი მაღალჩინოსანი - 2025 წლის ივნისში წავიდა გდდ-ის უფროსის პოსტიდან, მაშინდელი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომის კვალდაკვალ.

„ვიცი, რომ არ ყოფილა... ეგეთი თავდასხმა და ეგეთ რამეებზე... ეს ჩემი ხალხი არ არის, რა, ნუ აბრალებთ... მე არ მახსოვს ეგეთი სახელი და გვარი ჩემს დანაყოფში. რაც შეეხება თავდასხმას, თავდასხმას ჩემი დანაყოფის წევრები არ აწყობდნენ, გამიგე“?

დამაზუსტებელ კითხვაზე, „ანუ ის, ვინც გურამ როგავას თავში ჩაარტყა, ის გდდ-ში არ მუშაობდა“, უპასუხა: „არ ვიცი, მე არ ვიცნობ და არ ვადასტურებ“.

„გამოძიება გრძელდება“

„ფორმულის“ ცნობითვე, პროკურატურამ და შსს-მ არ უპასუხეს კითხვას, გამოკითხულია თუ არა ეს კონკრეტული სპეცრაზმელი, გამოძიების მიმდინარეობაზე კი განუცხადეს:

  • „2024 წლის აქციების დროს სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობრივად გადამეტების ფაქტებზე გამოძიება ამ ეტაპზეც ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს;
  • ტარდება ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის, ძალადობაში მონაწილე შესაძლო პირთა იდენტიფიცირების მიზნით“.