"ელისო ჯარიაშვილის გამოძიების შემდეგ გავახსენდი" - "ფორმულის" ყოფილ ჟურნალისტს, გურამ როგავას, პროკურატურაში იბარებენ

გურამ როგავა, "ფორმულის" ყოფილი ჟურნალისტი

პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს ტელეკომპანია "ფორმულის" ყოფილი ჟურნალისტი გურამ როგავა. არხის ცნობით, საქმე ეხება ტელეკომპანიის ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლის თანახმადაც, გამოავლინეს გურამ როგავაზე 2024 წლის ნოემბრის აქციებისას თავდამსხმელის სავარაუდო ვინაობა.

ამავე საქმის ფარგლებში პროკურატურაში დაიბარეს გადაცემის, "ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან“ ერთად წამყვანი, ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი.

ასევე ნახეთ

"ფორმულის" ჟურნალისტ ელისო ჯარიაშვილის თანახმად, გურამ როგავაზე თავდამსხმელზე რეპორტაჟის შემდეგ პროკურატურაში დაიბარეს

ელისო ჯარიაშვილი საგამოძიებო უწყებაში 6 მაისის დაახლოებით 21:00 საათისთვის მივიდა. როგორც მან "ფორმულის" ადგილზე მყოფ ჟურნალისტს უთხრა, არ აპირებს წყაროს დასახელებას, იტყვის მხოლოდ სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობას.

"მე ვთანამშრომლობ გამოძიებასთან, მივაწვდი ამ პიროვნების სახელს და გვარს, მაგრამ რამის [გამოძიების] იმედი ძნელია გქონდეს", - თქვა ელისო ჯარიაშვილმა.

გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ კი მან თქვა, რომ ვინაიდან მოწმის სახით დაიკითხა, არ მიუღია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა ეტაპზეა გამოძიება.

„შეიძლება დაიძრას ყინული და ახლა რეალურად გამოკითხონ ის პირები, ვინც დანამდვილებით იციან, ვინ დაესხა თავს გურამ როგავას, ვინ გაიმეტა ის სასიკვდილოდ. მე რაც მკითხეს, არის ის, რაც დაფარულად, ინიციალებით მოვყევი რეპორტაჟში - დავუსახელე ის პირი, რომელიც შესაძლოა იყოს გურამ როგავაზე თავდამსხმელი, ამის შემდეგ დაველოდები გამოძიებას.“

გურამ როგავა საქართველოში არაა

ტელეკომპანია „ფორმულის“ თანახმად, გურამ როგავა საქართველოში არ იმყოფება, ამიტომ მას ონლაინ ფორმატში გამოჰკითხავენ.

როგავას ინფორმაციით, მას 7 მაისს, თბილისის დროით 12:00 საათზე გამოჰკითხავენ.

"ელისო ჯარიაშვილის გამოძიების შემდეგ გავახსენდი გამოძიებას, ახლა იბარებენ ელისო ჯარიაშვილს, ახლა ურეკავენ ჩემს ადვოკატს. წელიწად-ნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში ჩემი ადვოკატი ცდილობდა იმის გარკვევას, ვინ იყო ჩემი საქმის გამომძიებელი, უგზავნიდა პროკურატურას წერილებს. დიდი კედელი იყო ჩვენს შორის, იმასაც კი არ გვეუბნებოდნენ, საქმის გამოძიება გრძელდება თუ არა", - თქვა გურამ როგავამ "ფორმულისთვის" მიცემულ კომენტარში.

  • ახალგაზრდა კაცი, ინიციალებით ი.შ. - რომლის სახელსა და გვარს „ფორმულაც“ არ ასახელებს - როგავაზე თავდასხმას უარყოფს.
  • „სპეცრაზმის“ ყოფილი უფროსი ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) ამბობს, რომ ეს სახელი „პირველად ესმის“.
  • ტელევიზიის ცნობითვე, სახელმწიფო უწყებები არ აზუსტებენ, გამოჰკითხეს თუ არა აღნიშნული პირი, და ამბობენ, რომ გამოძიება გრძელდება.


თავდასხმა გურამ როგავაზე

გურამ როგავაზე ამ დრომდე უცნობმა, ნიღბიანმა სამართალდამცავმა - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, - 2024 წლის 29 ნოემბერს, გვიან ღამით, აქციის დაშლის დროს იძალადა.

გურამ როგავა პირდაპირ ეთერში აშუქებდა აქციის დარბევას - პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. მასზე ძალადობის კადრი რადიო თავისუფლებამ გადაიღო. დარტყმის შემდეგ პოლიციელი გაიქცა.

  • გურამ როგავა დაზარალებულად ცნეს, თუმცა გამოძიებას თავდამსხმელი არ დაუდგენია.
  • არც როგავას და არც სხვა ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლის, მათზე ძალადობის, - ისევე, როგორც დემონსტრანტებზე ძალადობის, - გამო არავინ არ დასჯილა.
  • დემონსტრაციების მონაწილე ასობით მოქალაქე დააკავეს, ათობით მათგანს კი ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს.

ვინ არის სავარაუდო თავდამსხმელი

„ფორმულის“ თანახმად, „სისტემიდან რამდენიმე, სხვადასხვა წყაროს“ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პროგრამამ „ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან“, ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება და დაახლოებით წელიწად-ნახევრის შემდეგ გურამ როგავაზე სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა.

ინფორმაცია, ტელეარხის ცნობით, მიაწოდეს შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან, მოქმედმა თანამშრომელმა, და ეს ინფორმაცია რამდენიმე წყარომ დაუდასტურა მათ.

ჟურნალისტური გამოძიების წყაროების თანახმად, - რომელთა ვინაობაც დაზუსტებული არ არის, - სავარაუდო თავდამსხმელი:

  • ირიცხებოდა „მართლწესრიგისა და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის მთავარ სამმართველოში“;
  • იყო ე.წ. დამრბევების დანაყოფში;
  • სწავლობდა „სასულიერო სკოლაში“;
  • თავდასხმის დროს იყო 21 წლის;
  • ამჟამად მუშაობს კერძო დაცვის სამსახურში.


„სასულიერო სასწავლებელი“

მისი ოჯახის წევრმა უთხრა სახლთან: „მეც პოლიციაში ვმუშაობდი... ჩემს პირად ამბავს ვერასოდეს ვერ გეტყვით თქვენ... რატომ მალავს? არაფერს არ მალავს მაგი“.

„არა, დედა, რაი დარბევა, ისეთი ბავშვია, სასულიერო სკოლა აქვს დამთავრებული“, - უთხრა ტელევიზიის გუნდს, - მათ შორის, თავად გურამ როგავას, - ოჯახის კიდევ ერთმა წევრმა. „არანაირი ფაქტი არ გაგაჩნიათ“, - ამბობს ის.

„არანაირი ფაქტი არ გაგაჩნიათ... კარგად ბრძანდებოდეთ“, - უთხრა ახალგაზრდა კაცმა ი.შ.-მ ჟურნალისტს, როდესაც მან როგავაზე თავდასხმის შესახებ დაუსვა შეკითხვა.

„კარგად იყავით, რა“, - ასე უპასუხა მან მეორე ზარს.

„ტყუილია, კარგად ბრძანდებოდეთ. და ჩემს ოჯახს ნუ აწუხებთ“, - მისწერა მან „ფორმულას“ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზე პასუხად. მას სხვა კითხვაზე - თუ ტყუილია, სად იმყოფებოდა დარბევის ღამეს, - არ უპასუხია.

გდდ-ს ყოფილი უფროსი ზვიად ხარაზიშვილი ამბობს:

„პირველად მესმის“

„პირველად მესმის ეგ სახელი და გვარი... არა, ნამდვილად არ ვიცნობ“.

ჟურნალისტის კითხვაზე, „გდდ-ში არ უმუშავია და რომ ემუშავა, გეცოდინებოდათ?“ - უპასუხა: „რა თქმა უნდა, მეცოდინებოდა. ნამდვილად არ მეცნობა ეგ სახელი და გვარი, ჩემ გარშემო არ ყოფილა“.

შემდეგ, შეთავაზებაზე, რომ ფოტოს ჩაუგდებდა, ხარაზიშვილმა უთხრა: „არ ვიცნობ, ახლა, ხუთი ათას კაცში როგორ უნდა ვიცნო ყველა, ხო?“

ზვიად ხარაზიშვილი - აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული და პრეზიდენტ ყაველაშვილის მიერ ღირსების ორდენით დაჯილდოებული ყოფილი მაღალჩინოსანი - 2025 წლის ივნისში წავიდა გდდ-ის უფროსის პოსტიდან, მაშინდელი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომის კვალდაკვალ. „ვიცი, რომ არ ყოფილა... ეგეთი თავდასხმა და ეგეთ რამეებზე... ეს ჩემი ხალხი არ არის, რა, ნუ აბრალებთ... მე არ მახსოვს ეგეთი სახელი და გვარი ჩემს დანაყოფში. რაც შეეხება თავდასხმას, თავდასხმას ჩემი დანაყოფის წევრები არ აწყობდნენ, გამიგე?“

დამაზუსტებელ კითხვაზე, „ანუ ის, ვინც გურამ როგავას თავში ჩაარტყა, გდდ-ში არ მუშაობდა?“ - უპასუხა: „არ ვიცი, მე არ ვიცნობ და არ ვადასტურებ“.

„გამოძიება გრძელდება“

„ფორმულის“ ცნობითვე, პროკურატურამ და შსს-მ არ უპასუხეს კითხვას, გამოკითხულია თუ არა ეს კონკრეტული სპეცრაზმელი, გამოძიების მიმდინარეობაზე კი განუცხადეს:

  • „2024 წლის აქციების დროს სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობრივად გადამეტების ფაქტებზე გამოძიება ამ ეტაპზეც ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს;
  • ტარდება ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის, ძალადობაში მონაწილე შესაძლო პირთა იდენტიფიცირების მიზნით“.