რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველა სახელმწიფოს მოუწოდა უკრაინის დედაქალაქიდან თავიანთი საელჩოების ევაკუაციისკენ, "კიევსა და გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მხრიდან გარდაუვალ დარტყმასთან დაკავშირებით, თუკი უკრაინის შეიარაღებული ძალები მოსკოვზე განახორციელებენ დარტყმას 9 მაისს".
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, სამინისტრო ყველა ქვეყნის ხელისუფლებებს და უცხოური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს დაჟინებით სთხოვს, "ამ განცხადებას მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდონ და უზრუნველყონ დიპლომატიური და სხვა წარმომადგენლობების პერსონალის, ასევე მოქალაქეების დროული ევაკუაცია ქალაქ კიევიდან".
4 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა, 8 და 9 მაისის პერიოდში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პასუხად 6 მაისის შუაღამიდან შემოიღო "სიჩუმის რეჟიმი" - რომელიც რუსეთმა, ფაქტობრივად, მყისიერად დაარღვია.
რუსეთის არმიამ 6 მაისის შუაღამიდან გააგრძელა აქტიური საომარი მოქმედებები და უარი განაცხადა უკრაინის მხრიდან შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე, ამის თქმა შესაძლებელია დღეის მონაცემებით, - წერს ზელენსკი ოთხშაბათს, სამხედროებთან თათბირის შემდეგ. "ჩვენი მეომრების და დაზვერვის საღამოს ანგარიშების შედეგებიდან გამომდინარე, დავადგენთ ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს", - დასძენს უკრაინის პრეზიდენტი.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა ამბობს, რომ "მოსკოვმა მორიგ ჯერზე უარყო რეალისტური და სამართლიანი მოწოდება საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ, რომელსაც მხარს უჭერდნენ სხვა სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები". სიბიჰას შეფასებით, ეს მოწმობს, რომ რუსეთი მშვიდობას უარყოფს, ხოლო მის მიერ შეთავაზებული 9 მაისის ზავი მხოლოდ მოსკოვში აღლუმის ჩატარებას მიემართება.
რუსეთის ხელისუფლება აცხადებს მოსკოვზე და სხვა ქალაქებზე უკრაინის დრონების თავდასხმების მცდელობების გახშირებაზე. ამის გამო მოსკოვში მოქმედებს უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები, იზღუდება მობილური კავშირი და ინტერნეტი.
წელს 9 მაისის ტრადიციული აღლუმი წითელ მოედანზე შემცირებული მასშტაბით ჩატარდება, ღონისძიებაში ჩართული არ იქნება საბრძოლო ტექნიკა.