უნგრეთმა უკრაინას დაუბრუნა Ощадбанк-ის ფული და ოქრო

უნგრეთმა უკრაინას დაუბრუნა Ощадбанк-ის ფული და ოქრო. 2026 წლის 6 მაისი

უნგრეთმა უკრაინას დაუბრუნა 2026 წლის მარტში ინკასატორებისთვის წართმეული, Ощадбанк-ის კუთვნილი ფული და ოქრო. ამ ცნობას ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი - იგი უნგრეთს მადლობას უხდის "კონსტრუქციული და ცივილიზებული ნაბიჯისთვის".

"მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნგრეთთან ურთიერთობაში: დღეს დაბრუნებულ იქნა Ощадбанк-ის სახსრები და ძვირფასეულობა, რომლებიც უნგრეთის სპეცსამსახურებმა მიმდინარე წლის მარტში წაიღეს. მაშინ უნგრეთის მხარემ უკანონოდ დააკავა უკრაინელი ინკასატორები. ადამიანების დაბრუნება მალე მოვახერხეთ და ახლა სახსრები და ძვირფასეულობაც სრულად უკრაინის ტერიტორიაზეა", - წერს ზელენსკი.

5 მარტს უნგრეთის სპეცსამსახურებმა დააკავეს ინკასატორების ორი მანქანა, რომლებსაც ავსტრიიდან უკრაინაში გადაჰქონდა ფული და ოქრო. ავტომობილებში იყო 40 მილიონი დოლარი, 35 მილიონი ევრო და ცხრა კილოგრამი ოქრო. უნგრეთის ხელისუფლებამ დააკავა შვიდი უკრაინელი, მათ ფულის გათეთრებაში დასდო ბრალი - თუმცა შემდეგ უკრაინაში დააბრუნა.

მოგვიანებით ინკასატორებს ავტომობილებიც დაუბრუნეს, თუმცა თანხების და ოქროს ზოდების გარეშე.

12 აპრილს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რითაც დასრულდა მემარჯვენე-პოპულისტური ორიენტაციის ლიდერის, ვიქტორ ორბანისა და მისი პარტია "ფიდესის" 16-წლიანი მმართველობა. არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა პარტია "ტისამ", პეტერ მადიარის ხელმძღვანელობით.

ასევე ნახეთ

გაძევებული ინკასატორები, დაკავებული მილიონები, დაბლოკილი მილიარდები - უნგრეთში არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება დაძაბულობა უკრაინასთან