„ლუკოილის” პერმის ქარხანაზე ბოლო ერთ კვირაში მეორე შეტევა იყო

30 აპრილს პერმში „ლუკოილის” ქარხნის გარდა უკრაინული დრონებით შეტევა იყო ნავთობის საქაჩ სადგურზე, რომელიც კომპანია „ტრანსნეფტს“ ეკუთვნის.

7 მაისს აფეთქებები იყო რუსეთის პერმის მხარის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ პერმში.

დაახლოებით დღის 12 საათისთვის მხარის გუბერნატორ დმიტრი მახონინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა „მტრის”, ანუ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ, მათ შორის „ერთ-ერთ საწარმოზე”.

გუბერნატორის თანახმად, ქალაქში დაზიანებულია მრავალბინიანი სახლი, რომლის მობინადრეები არ დაშავებულან და ადმინისტრაციული შენობა, სადაც ერთი ადამიანი დაშავდა.

ზოგიერთი რუსული წყაროს, მათ შორის რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად” გამოცხადებული დამოუკიდებელი გამოცემა ASTRA-ს ცნობით, პერმში შეტევა იყო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „ლუკოილ-პერმნეფტეორგსინთეზზე“, სადაც ხანძარია.

  • პერმში კომპანია „ლუკოილის” ქარხანას, რომელიც რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესია და წელიწადში 13 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის გადამუშავება შეუძლია, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დრონებით დაარტყეს 30 აპრილსაც.
  • 29 და 30 აპრილს უკრაინული დრონებით შეტევა იყო პერმის ნავთობის საწარმოო-სადისპეტჩერო სადგურზეც(საქაჩი სადგური), რომელიც რუსეთის სახელმწიფოს მიერ მართულ კომპანია „ტრანსნეფტს“ ეკუთვნის.

ასევე ნახეთ

დრონებით დარტყმის შედეგად ნავთობის გადამუშავება შეაჩერა რუსეთში სიმძლავრით მეორე ქარხანამ - Reuters
  • უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ და სამხედრო დანიშნულების ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.
  • რუსეთი ამ შეტევებს „ტერორისტულს" უწოდებს, უკრაინა კი -„კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.