სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პრეზიდენტმა მეორე წინასასამართლო პალატის მიგნებები, რომლებიც თარიღდება 2026 წლის 19 მარტით, გადასცა მონაწილე ქვეყნების ასამბლეის თავმჯდომარეს. მიგნებები "ეფუძნება რომის სტატუტის 87(7)-ე მუხლს და გულისხმობს ტაჯიკეთის მიერ ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინის დაპატიმრებასა და გადაცემაში თანამშრომლობაზე სასამართლოს მოთხოვნისა და მონაწილე ქვეყნების ასამბლეისთვის საქმის გადაცემის შეუსრულებლობას“.
ჰააგის ტრიბუნალის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, "მეორე წინასასამართლო პალატამ დაადგინა, რომ ტაჯიკეთმა არ შეასრულა რომის სტატუტით განსაზღვრული საერთაშორისო ვალდებულებები, როცა არ აღასრულა სასამართლოს მოთხოვნა ბატონი პუტინის დაპატიმრებასა და გადაცემაზე იმ დროს, როცა ის იმყოფებოდა ტაჯიკეთის ტერიტორიაზე". წინასასამართლო პალატამ ტაჯიკეთის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის საკითხი სასამართლოს პრეზიდენტის მეშვეობით გადასცა სტატუტის მონაწილე ქვეყნების ასამბლეას, სასამართლოს წესდების 109(4)-ე რეგულაციის შესაბამისად.
ასევე ნახეთ
ზელენსკისა და კობახიძის შეხვედრა ერევანში - რა [არ] ვიცითართანამშრომლობის შესახებ ასამბლეის პროცედურების შესაბამისად, ტაჯიკეთის წარმომადგენელი 2026 წლის 6 მაისს მიიწვიეს მონაწილე ქვეყნების ასამბლეის ბიუროს სხდომაზე, რომელზეც იმსჯელეს ტაჯიკეთის მხრიდან ართანამშრომლობის გამო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგებზე. ICC დეტალებს არ აზუსტებს, თუმცა აცხადებს, რომ აღნიშნულ სხდომაზე ტაჯიკეთის წარმომადგენლის მოსაზრებებიც მოისმინეს იმის შესახებ, "როგორ ითანამშრომლებს მომავალში სასამართლოსთან ტაჯიკეთი".
ასამბლეის შემდეგ სხდომაზე ბიურო წარმოადგენს ანგარიშს მის მიერ განხორციელებულ ნაბიჯებსა და რეკომენდაციებზე.
მონაწილე ქვეყნების ასამბლეა არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მართვის ზედამხედველი და საკანონმდებლო ორგანო. ის შედგება რომის სტატუტის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებისგან.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ტაჯიკეთს სტუმრობდა 2025 წლის ოქტომბერში, დსთ-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად.
ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ფედერაციის ბავშვის უფლებათა კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი ჰააგის ტრიბუნალმა გამოსცა 2023 წლის 17 მარტს, "უკრაინის ტერიტორიაზე არსებული ვითარების კონტექსტში". მეორე წინასასამართლო პალატამ, პროკურორის 2023 წლის 22 თებერვლის მიმართვის საფუძველზე, მიიჩნია, რომ მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობდა იმ ვარაუდისთვის, რომ ორივე ეჭვმიტანილს "ეკისრება პასუხისმგებლობა მოსახლეობის უკანონო დეპორტაციასა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის უკანონოდ გაყვანაზე", კერძოდ - საქმე ეხებოდა უკრაინელი ბავშვების გაყვანას რუსეთში.