რუსეთმა და უკრაინამ 8 მაისს, როცა ევროპაში ნაციზმზე გამარჯვებას აღნიშნავენ, ერთმანეთი დაადანაშაულეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებების დარღვევაში, რომლებიც ორივემ ცალ-ცალკე გამოაცხადა. ეს ხდება მაშინ, როცა მოსკოვი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების ყოველწლიური აღლუმის ჩასატარებლად ემზადება უსაფრთხოების მკაცრ პირობებში.
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ოთხი წლის შემდეგ, ორივე მხარე კვლავ უშენს ერთმანეთს რაკეტებს, დრონებსა და საარტილერიო ცეცხლს - ომის დასასრული არ ჩანს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 8 და 9 მაისს ორდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რათა ნაცისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვება - რუსეთში ყველაზე პატივსაცემი სახელმწიფო დღესასწაული - აღენიშნათ.
კიევმა უპასუხა, რომ მხოლოდ დღესასწაულისთვის ცეცხლის შეწყვეტა შეუფერებელი იყო და მოითხოვა განუსაზღვრელი ვადით ზავის დადება, რომელიც ორი დღით ადრე უნდა დაწყებულიყო, რასაც მოსკოვი უგულებელყოფდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 8 მაისს გამთენიისას 264 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ დედაქალაქი იყო სამიზნე, ოფიციალური პირების თქმით კი, ურალის რეგიონში - პერმში - დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინამ განაცხადა, რომ მეორე დღეა ზედიზედ დაარტყა პერმში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და იაროსლავში კიდევ ერთ ნავთობობიექტს.
რუსეთმა გააფრთხილა, რომ უკრაინის ნებისმიერი მცდელობა, ჩაშალოს გამარჯვების დღის აღლუმი წითელ მოედანზე 9 მაისს, კიევზე მასშტაბურ სარაკეტო დარტყმას გამოიწვევს. მოსკოვმა უცხოელ დიპლომატებს განუცხადა, რომ თუ უკრაინა ღონისძიებას თავს დაესხმება, მათ უკრაინის დედაქალაქი უნდა დატოვონ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ღამით უკრაინის პოზიციებზე იერიშები განაგრძეს, რაც, მისი თქმით, აჩვენებს, რომ რუსეთს „ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის სიმბოლური მცდელობაც კი არ ჰქონია“.
„როგორც ბოლო 24 საათის განმავლობაში ვაკეთებდით ამას, უკრაინა დღესაც ანალოგიურად უპასუხებს. ჩვენ დავიცავთ ჩვენს პოზიციებს და ადამიანების სიცოცხლეს“, - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის დრონების ნაწილების მეთაურმა რობერტ ბროვდიმ The Guardian-თან ინტერვიუში აღიარა, რომ წითელ მოედანზე „სიმბოლური“ თავდასხმა მთელ მსოფლიოში დიდ რეზონანსს გამოიწვევდა, მაგრამ უკრაინა, სავარაუდოდ, “სილას იქ გააწნავს” მოსკოვს, სადაც რუსეთის საჰაერო თავდაცვა უფრო სუსტია.
„რატომ უნდა დავხარჯოთ დრონები „დიდ კედელზე“, - თქვა მან მოსკოვის გარშემო გაძლიერებულ უსაფრთხოებაზე საუბრისას. „თუ ენერგეტიკულ სექტორს ან სამხედრო ძალებს დაარტყამ პერიფერიაში, ესაა საუკეთესო დარტყმა".
საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთი ნაციზმზე გამარჯვებას აღნიშნავს 9 მაისს, როცა საბჭოთა ჯარისკაცებმა წითელი დროშა აღმართეს ბერლინში რაიხსტაგის თავზე.
მოსკოვში წლევანდელ აღლუმზე, რომელიც, როგორც წესი, რუსეთის სამხედრო ძალის დემონსტრირებას წარმოადგენს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებითა და ტანკებით, უკრაინის მხრიდან თავდასხმის საფრთხის გამო სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანენ.
კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთი პუტინის გარშემო უსაფრთხოებას აძლიერებს იმ შემთხვევისთვის, თუ ღონისძიებაზე, რომელზეც პუტინი სიტყვით გამოვა, უკრაინის მხრიდან თავდასხმა მოხდება.
სამშვიდობო მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის ჩიხშია, რადგან უკრაინა უარყოფს პუტინის მოთხოვნას, დათმოს ტერიტორია, რომელსაც წარმატებით იცავდა 2022 წლიდან.