ლეიბორისტები ბრიტანეთის ადგილობრივ არჩევნებს აგებენ

წინასწარი მონაცემებით, რეფორმისტები ინგლისის ადგილობრივ საბჭოებში, 300-ზე მეტ დამატებით ხმას მიიღებენ და დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ (საილუსტრაციო ფოტო).

დიდ ბრიტანეთში მმართველი ლეიბორისტული პარტია მნიშვნელოვან მარცხს განიცდის ადგილობრივ არჩევნებში.

ხმების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ უკვე ცხადია, რომ ინგლისში, ადგილობრივი საბჭოებში არჩეული წევრების რაოდენობით, პირველი ადგილი დაიკავა ნაიჯელ ფარაჯის მემარჯვენე პოპულისტურმა რეფორმისტულმა პარტიამ (Reform UK).

შოტლანდიასა და უელსში შედეგები ჯერ არ შეჯამებულა, მაგრამ იქაც, სავარაუდოდ, ლეიბორისტები დამარცხდებიან, მემარჯვენე პოპულისტები პოზიციებს გაიმყარებენ, ხოლო გამარჯვებას ადგილობრივი ნაციონალისტები მოიპოვებენ.

პოლიტოლოგები და გამოკითხვები ფარაჯის პარტიის გამარჯვებას წინასწარმეტყველებდნენ. პარტიამ შეინარჩუნა პოპულარობა და, ისევე, როგორც გასულ წელს, წარმატებას აღწევს ადგილობრივ არჩევნებში.

როგორც BBC-ი აღნიშნავს, „ამომრჩეველი უკმაყოფილოა ბრიტანეთის ორი მთავარი და უძველესი - ლეიბორისტული და კონსერვატიული - პარტიების უუნარობით ძირითადი შიდა საკითხების მოგვარებაში, როგორიცაა ეკონომიკა და იმიგრაციის პოლიტიკა“. კომენტატორები აღნიშნავენ, რომ ლეიბორისტული პარტიის პოპულარობა ასევე შეარყია მძიმე დანაშაულებში ბრალდებული, გარდაცვლილი მილიარდერის, ჯეფრი ეპსტინის მეგობრის, ლორდ პიტერ მანდელსონის ელჩად დანიშვნამ შეერთებულ შტატებში.

წინასწარი მონაცემებით, რეფორმისტები ინგლისის ადგილობრივ საბჭოებში, 300-ზე მეტ დამატებით ხმას მიიღებენ და დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ. ლეიბორისტული პარტია მეორე ადგილზეა, მან 200-ზე მეტი ადგილი დაკარგა. მესამე ადგილზე არიან ასევე ოპოზიციაში მყოფი ლიბერალ-დემოკრატები. წარმატებას აღწევენ „მწვანეებიც“, ხოლო კონსერვატორები ხმებს კარგავენ.

პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა აღიარა წარუმატებლობა, თუმცა განაცხადა, რომ არ აპირებს გადადგომას და, როგორც მან თქვა, „ქვეყნის ქაოსში ჩაძირვას“. მან აღნიშნა, რომ პარტიამ გაიმარჯვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ხუთწლიანი მანდატი მიიღო.

ასევე ნახეთ

ევროკავშირის მემარჯვენე პოპულისტების მომავალი