"არანაირი სურვილი არ გვაქვს“, - „ქართული ოცნების“ ლიდერები ევროპის დღის ღონისძიებებზე არ მივლენ

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ხელმძღვანელობით გამართული ეს ღონისძიება „დიდ ღირებულებას არ ატარებს“.

9 მაისს, „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ის არ აპირებს მისვლას ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, რომელიც „ექსპო ჯორჯიაში“ ტარდება.

მისი თქმით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ხელმძღვანელობით გამართული ეს ღონისძიება „დიდ ღირებულებას არ ატარებს“ .

მედიასთან საუბრისას კობახიძემ ჰერჩინსკი „ტრაგიკული პიროვნებად“ მოიხსენია და თქვა, რომ მას ევალებოდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცება, სინამდვილეში კი აკეთებდა ყველაფერს ამის საპირისპიროდ, იმიტომ რომ დავალება ჰქონდა ასეთიო:

„როდესაც ასეთი ტიპის ღონისძიებას აწყობენ ელჩები, კონკრეტული ელჩი ამ შემთხვევაში, ასეთ დროს მთავრობა არის ან მიწეული, ან არ მონაწილეობს, ძალიან მარტივად არის აქ საქმე. ბატონი ჰერჩინსკი ყველაფერს აკეთებდა ამ წლების განმავლობაში იმისათვის, რომ გაეფუჭებინა ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის“ - თქვა კობახიძემ.

სადავო პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილიც აცხადებს, რომ ევროპის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის არანაირი სურვილი არ აქვს.

„ვუყურებ, რა მათ განწყობებს, სავარაუდოდ, დღესაც იქნება ევროკავშირის მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი ანტისამთავრობო მიტინგი და ამ მიტინგში მონაწილეობის არანაირი სურვილი, რა თქმა უნდა, არ გვაქვს“.

დღეს, 9 მაისს, საქართველო, ევროპასთან ერთად, ევროპის დღეს აღნიშნავს - სწორედ ცხრა მაისი მიიჩნევა ევროპის კავშირის დაბადების დღედ. ეს თარიღი თბილისში, უკვე ტრადიციულად, ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონებში სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება. იქ მისულ მოქალაქეებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი მასპინძლობს.

ევროპის დღეზე ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დგას საქართველოს გვერდით, როგორც მტკიცე და საიმედო პარტნიორი და რომ ევროკავშირი ეხმარება საქართველოს წინსვლაში და რაც მთავარია, ცვლის ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, საქართველომ შეაჩერა ევროკავშირისკენ სვლა. გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას და თაობების იმედს.

ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ერთ დღეს ევროკავშირის წევრი გახდება. ამიტომ, მზად ვართ განვაახლოთ ერთად მუშაობა ამ მიზნის მისაღწევად“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

პაპუაშვილის წერილი ჰერჩინსკის

ევროპის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 9 მაისს აღინიშნება, სადავო პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს წერილი მისწერა.

პაველ ჰერჩინსკისადმი ვრცელ მიმართვაში შალვა პაპუაშვილი აკრიტიკებს ევროკავშირის არსებულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ და მოუწოდებს, ევროპა დაუბრუნდეს იმ საწყის იდეალებს, რომლებზეც ევროკავშირი შეიქმნა - მშვიდობას, ერთიანობას, თანამშრომლობასა და ეროვნული იდენტობების პატივისცემას.

პაპუაშვილი ევროპის დღეს უკავშირებს რობერ შუმანის იდეებს და წერს, რომ ევროკავშირის თავდაპირველი მიზანი იყო მშვიდობის შენარჩუნება და ომის თავიდან აცილება.

ელჩის დაბარება

აპრილის ბოლოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული იყო ჰერჩინსკი, მანამდე რამდენიმე დღით ადრე გაკეთებული თავისი განცხადების გამო - ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ 23 აპრილს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო „სწორ ტრაექტორიაზე“ არ იმყოფება.

მან იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა დაუბრუნდება ევროპულ გზას და „წარსულში არ დაბრუნდება“. ახსენა სამოქალაქო ომიც.

მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კი შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში თქვა, რომ მსგავსი განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით, "ძირს უთხრის იმ ნდობას, რაც შეიძლება არსებობდეს პარტნიორებს შორის".

მოგვიანებით, პაველ ჰერჩინსკის საგარეო უწყებაში დაბარებას გამოეხმაურა ევროკავშირის საელჩო საქართველოში და განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვს "ნამდვილ ერთგულებას და ხელშესახებ რეფორმებს ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებთან შესაბამისობის მისაღწევად".

ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები მოკლედ

  • მმართველმა პარტიამ 2024 წლის ნოემბრის შემდეგ მიიღო წყება კანონებისა, რომლებიც, მათ შორის, ბრიუსელის შეფასებით, ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციას;
  • ამ კანონებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება;
  • გამკაცრდა წესები პროტესტის უფლებაზე, მათ შორის შეიზღუდა ტროტუარებზე დემონსტრაციები;
  • 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო „2028 წლამდე“ აღარ დააყენებდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში;
  • სწორედ ამას მოჰყვა მასშტაბური დემონსტრაციები, შემდეგ მათი ძალის გამოყენებით ჩახშობა და მოგვიანებით საკანონმდებლო ცვლილებები;
  • პასუხად ევროკავშირმა შეაჩერა პოლიტიკური დიალოგი თბილისთან და შეუჩერა ფინანსური მხარდაჭერა;
  • ევროკავშირმა გააუქმა უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური პასპორტებისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ფაქტობრივად ფორმალურია;
  • განიხილება უვიზო რეჟიმის შეჩერებაც, ასევე პერსონალური სანქციები ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის.

ასევე ნახეთ

ევროკავშირის ელჩი საგარეოში დაიბარეს - მინისტრთან შეხვედრა მიმდინარეობს