"ანტიევროპული რიტორიკა ჩვენს მეგობრობას აზიანებს", - პაველ ჰერჩინსკის გამოსვლა ევროპის დღეზე

ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ ევროპის დღე ღია ღონისძიებაა და მათ იქ მიიწვიეს ყველა.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ევროპის დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ ამ დღეს ვზეიმობთ "ევროპის ერთიანობას და მრავალწლიან მეგობრობას საქართველოსთან".

თუმცა გამოთქვამს გულისტკივილსაც, რომ ბოლო პერიოდში, საქართველომ შეაჩერა ევროკავშირისკენ სვლა და რომ გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც "კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას და თაობების იმედს":

„ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ცალ-ცალკე - „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი... ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ერთ დღეს ევროკავშირის წევრი გახდება. ამიტომ, მზად ვართ განვაახლოთ ერთად მუშაობა ამ მიზნის მისაღწევად”.

9 მაისს, „ექსპო ჯორჯიაში“ ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პაველ ჰერჩინსკიმ ასევე თქვა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან, ევროპა დგას საქართველოს გვერდით, როგორც მტკიცე და საიმედო პარტნიორი.

„ევროკავშირი ეხმარება საქართველოს წინსვლაში და რაც მთავარია, ცვლის ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ. და თუ მაინც, დღემდე ჩნდება კითხვა - რა არის ევროპა - ნება მომეცით გითხრათ: ევროპა არის მრავალფეროვნების სივრცე, სადაც თითოეული სახელმწიფო არათუ ინარჩუნებს, არამედ აძლიერებს თავის კულტურას, იდენტობასა და ტრადიციებს. საქართველო სწორედ თავისი უნიკალურობითა და მდიდარი კულტურით იწვევს ევროპის აღტაცებას. ჩვენ, თქვენ საამაყო ისტორიაში ვპოულობთ შთაგონებას“.

თუმცა, ამბობს პაველ ჰერჩინსკი, ევროპული ოჯახის წევრობისთვის ეს საკმარისი არ არის და ევროკავშირის გზაზე წინსვლა სწორედ დემოკრატიულ განვითარებას ეფუძნება.

„ევროკავშირის წევრობა არის მშვიდობისა და კეთილდღეობის შენარჩუნების საუკეთესო გზა. ამას ადასტურებს ევროკავშირის არსებობის თითქმის 80 წლიანი ისტორია. საქართველოს მომავალი, თავად ამ ქვეყანას და მის ხალხს, თქვენ გეკუთვნით. წინ, საქართველო, წინ“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა სიტყვით გამოსვლისას.

დღეს, 9 მაისს, საქართველო, ევროპასთან ერთად, ევროპის დღეს აღნიშნავს - სწორედ ცხრა მაისი მიიჩნევა ევროპის კავშირის დაბადების დღედ. ეს თარიღი თბილისში, უკვე ტრადიციულად, ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონებში სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება. ევროპის დღეს მიეძღვნება შაბათის დღევანდელი მარშიც, რომლის გზავნი დღეს არის „ძალა ერთობაშია- ძალა ევროპაშია" .

იქ მისულ მოქალაქეებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი მასპინძლობს.

ამ ღონისძიებას არ ესწრებიან „ქართული ოცნების“ ლიდერები. მათი განცხადებით, მათ ამის "არანაირი სურვილი არ აქვთ".

ასევე ნახეთ

"არანაირი სურვილი არ გვაქვს“, - „ქართული ოცნების“ ლიდერები ევროპის დღის ღონისძიებებზე არ მივლენ

"ევროპა ჩვენთვის იყო ყოველთვის განსაკუთრებული ღირებულება, გამომდინარე იქიდან რომ, სწორედ ევროპაში ხედავდა საქართველო ტრადიციულად ქრისტიანული ღირებულების დაცვის გარანტიას. იმედია, ის პრინციპები, რომელსაც დაეფუძნა ევროპა გასული საუკუნის 40-იანი წლების შემდეგ კვლავაც დაბრუნდება ევროპულ დღის წესრიგში, - განაცხადა 9 მაისს ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

თავად ევროკავშირის ელჩმა კი თქვა, რომ ევროპის დღე ღია ღონისძიება და მათ იქ მიიწვიეს ყველა:

"დარწმუნებული ვარ, ქალაქის მასშტაბით განთავსებული პოსტერებიც ნახეთ. ასევე გამოვიყენეთ ჩვენი სოციალური მედიის პლატფორმები და სატელევიზიო რეკლამები. ყველა, ვისაც სურს შემოგვიერთდეს, გულთბილად არის მოწვეული, რომ ჩვენთან ერთად აღნიშნოს ევროპის დღე".

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის, წერილს სწერს

გუშინ, 8 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 9 მაისს აღინიშნება, სადავო პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს წერილი მისწერა.

პაველ ჰერჩინსკისადმი ვრცელ მიმართვაში შალვა პაპუაშვილი აკრიტიკებს ევროკავშირის არსებულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ და მოუწოდებს, ევროპა დაუბრუნდეს იმ საწყის იდეალებს, რომლებზეც ევროკავშირი შეიქმნა - მშვიდობას, ერთიანობას, თანამშრომლობასა და ეროვნული იდენტობების პატივისცემას.

"ვადასტურებ, რომ პარლამენტის თავმჯდომარისგან წერილი მივიღე. ჩვენ ეს წერილი გადავუგზავნეთ ჩვენს სათავო ოფისს და პასუხი შესაბამის დროს იქნება გაგზავნილი" - განაცხადა დღეს, 9 მაისს, პაველ ჰერჩინსკიმ პაპუაშვილის წერილის საპასუხოდ.

ასევე ნახეთ

ევროკავშირის ელჩი საგარეოში დაიბარეს - მინისტრთან შეხვედრა მიმდინარეობს