9 მაისს რუსეთში დააკავეს ბლოკადას გადარჩენილი 85 წლის ლუდმილა ვასილიევა

ლუდმილა ვასილიევა

სანქტ-პეტერბურგში პოლიციამ დააკავა ლენინგრადის ბლოკადას გადარჩენილი 85 წლის ლუდმილა ვასილიევა, რომელიც ყვავილებითა და პლაკატით მივიდა სოლოვეცკის ქვასთან, — იუწყება გამოცემა „ბუმაგა“.

პლაკატზე ეწერა: „ნუ ნიღბავთ თქვენს დანაშაულებს ხალხის გამარჯვებით“.

ვასილიევამ გულაგის პატიმართა მემორიალთან ყვავილები და სანთელი მიიტანა.

როგორც „Вот Так“ იუწყება, ბლოკადას გადარჩენილი ქალი და ის ჟურნალისტი, რომელიც პიკეტს იღებდა, პოლიციის №43 განყოფილებაში გადაიყვანეს. პოლიციელებმა ახსნა-განმარტების დაწერა მოითხოვეს, თუმცა ვასილიევამ უარი განაცხადა რუსეთის კონსტიტუციის 51-ე მუხლზე დაეყრდნობით, რომლის მიხედვითაც „არავინ არის ვალდებული, საკუთარი თავის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება“. ამის შემდეგ, იგი განყოფილებიდან ოქმის შედგენის გარეშე გაათავისუფლეს.

ლუდმილა ვასილიევა ე.წ. ლენინგრადის ბლოკადაგამოვლილი ბავშვია. ის არაერთხელ საჯაროდ გამოსულა ანტისაომარი პოზიციით. 2022 წელს ვასილიევა რამდენჯერმე დააკავეს ანტისაომარ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო. 2024 წელს ვასილიევა ცდილობდა სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორის არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობას, თუმცა მხარდამჭერთა საჭირო რაოდენობის ხელმოწერები ვერ შეაგროვა.

2025 წლის მაისში სასამართლომ ლუდმილა ვასილიევა 10 ათასი რუბლით დააჯარიმა რუსეთის არმიის „დისკრედიტაციის“ მუხლით. ოქმის შედგენის მიზეზი გახდა პიკეტი გოსტინი დვორთან, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე. ვასილიევას ეჭირა პლაკატი წარწერით: „ადამიანებო! შევაჩეროთ ომი! ჩვენ პასუხისმგებლები ვართ პლანეტა დედამიწაზე მშვიდობაზე“.

ლენინგრადის ბლოკადა გრძელდებოდა 1941 წლის 8 სექტემბრიდან 1944 წლის 27 იანვრამდე. ერთადერთი მარშრუტი - "სიცოცხლის გზა", რომლის გავლითაც ქალაქში საკვები შეჰქონდათ, ლადოგის (ზამთარში გაყინულ) ტბაზე გადიოდა. ბლოკადის წლებში, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, დაიღუპა 600 ათასიდან 1,5 მილიონამდე ადამიანი. ადამიანების მხოლოდ მცირე პროცენტი დაიღუპა დაბომბვის შედეგად, აბსოლუტური უმრავლესობა შიმშილით დაიხოცა. ბლოკადა გარღვეულ იქნა 1943 წლის 18 იანვარს, მაგრამ ლენინგრადის მცხოვრებლებისთვის ბლოკადა სრულად მოიხსნა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ - 1944 წლის 27 იანვარს.

გერმანიის მთავრობა ლენინგრადის ბლოკადას ოფიციალურად უწოდებს „სამხედრო დანაშაულს“ და ხაზს უსვამს იმას, რომ ამ დანაშაულზე გერმანიას ეკისრება ისტორიული პასუხისმგებლობა.