გეგმის მიხედვით, ჯერ ესპანელები ჩამოვლენ, შემდეგ კი ნიდერლანდელი მგზავრები, რომელთა თვითმფრინავიც ასევე წაიყვანს გერმანიიდან, ბელგიიდან და საბერძნეთიდან ჩამოსულ მგზავრებს. მინისტრმა ტენერიფეს პორტში ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ევაკუირებული იქნებიან ასევე მგზავრები თურქეთიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) და ესპანეთის ხელისუფლებამ განაცხადეს, რომ MV Hondius-ის ბორტზე, რომელზეც ჰანტავირუსი გავრცელდა, მყოფ არცერთ ადამიანს ამჟამად ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნება.
გემი ნავსადგურში არ შევა, ის გრანადიის პორტთან ახლოს დგას და ხალხი ნაპირზე პატარა ნავებით მიჰყავთ. როგორც AP აღნიშნავს, გემიდან მათი გადაყვანა მაშინ დაიწყო, როდესაც საევაკუაციო ფრენები მომზადდა მგზავრების სამშობლოში დასაბრუნებლად. ბორტზე თითქმის 150 ადამიანი იმყოფება 23 ქვეყნიდან.
მანამდე, ტენერიფეში ჩავიდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის - WHO-ს გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ ღებრეიესუსი, რათა „გაეკონტროლებინა მგზავრების, ეკიპაჟის წევრებისა და ჯანდაცვის ექსპერტების უსაფრთხო გადმოსხმა გემიდან“. მან ასევე სოციალური მედიის საშუალებით მიმართა ტენერიფეს მცხოვრებლებს და დაარწმუნა ისინი, რომ „ეს არ არის კიდევ ერთი COVID-19“ და რომ „ჰანტავირუსის ამჟამინდელი საფრთხე საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის დაბალი რჩება“.
MV Hondius-ი დაახლოებით ერთი თვის წინ გავიდა არგენტინიდან, რათა ატლანტის ოკეანის გავლით დაეწყო მოგზაურობა. ბოლო მონაცემებით, გემზე გამოვლინდა ჰანტავირუსით ინფიცირების რვა დადასტურებული და სავარაუდო შემთხვევა, გარდაიცვალა სამი ადამიანი - ცოლ-ქმარი ნიდერლანდიდან და გერმანიის მოქალაქე.
ადრე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ გამოურიცხავს MV Hondius-ის ბორტზე ჰანტავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შესაძლებლობა. ეს ვირუსი, როგორც წესი, მღრღნელების მეშვეობით გადადის, თუმცა 5 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში, ის შესაძლოა, საკრუიზო გემზე „ძალიან ახლო კონტაქტების“ შედეგად გავრცელებულიყო. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ასეთი გადაცემის შემთხვევები იშვიათია და რომ მოსახლეობისთვის საფრთხე დაბალია.
ვირუსი მისი ტიპის მიხედვით სხვადასხვა დაავადებას იწვევს. ესენია ფილტვების მძიმე დაავადებები (პნევმონია), თირკმლის მწვავე უკმარისობა (ნეფროზული სინდრომი) და ჰემორაგიული ცხელებები.
ვირუსები მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და ასევე გვხვდება ცენტრალურ ევროპაში. ისინი ადამიანებს ინფიცირებული მღრღნელების (თაგვები და ვირთხები) განავლით ან შარდით გადაეცემათ, რომელიც მტვრის სახით შეისუნთქება. თავად ინფიცირებული მღრღნელები დაავადების არანაირ სიმპტომებს არ ავლენენ.
ადამიანებში ინფექციების სიმძიმე განსხვავებულია.