პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ქალაქ ბანუში პოლიციის საგუშაგოზე თავდასხმის შედეგად სულ ცოტა, 14 პოლიციელი დაიღუპა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „იტეჰად-ულ-მუჯაჰიდინ პაკისტანმა“ აიღო, იტყობინება Reuters-ი.
პოლიციის წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, სააგენტოს განუცხადა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე მანქანა თავდაპირველად საგუშაგოს შეეჯახა, შემდეგ კი დაჯგუფების წევრებმა ტერიტორიაზე შეაღწიეს და პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს. სავარაუდოდ, თავდასხმისას დრონებიც გამოიყენეს.
Reuters-ი აღნიშნავს, რომ ამ თავდასხმამ შესაძლოა პაკისტანისა და ავღანეთის საერთო საზღვარზე საბრძოლო მოქმედებების განახლება გამოიწვიოს. საზღვარზე ბოლო მნიშვნელოვანი ესკალაცია თებერვალში იყო და მას შემდეგ საბრძოლო მოქმედებები შესუსტდა.
პაკისტანი ავღანეთის ხელისუფლებას აკრძალული დაჯგუფება „ტეჰრიკ-ე-თალიბან პაკისტანის“ წევრების მფარველობაში ადანაშაულებს. ისლამაბადი აცხადებს, რომ დაჯგუფება პაკისტანის ტერიტორიაზე სასიკვდილო თავდასხმებს ახორციელებს. ქაბული ბრალდებებს უარყოფს.