ანდრიი სიბიჰას თქმით, უახლოეს მომავალში მაკა ბოჭორიშვილს შეხვდება მოლდოვაში

ანდრიი სიბიჰა და მაკა ბოჭორიშვილი 4 მაისს ერთმანეთს ერევანში შეხვდნენ, 6 მაისს კი ტელეფონით ისაუბრეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ უახლოს მომავალში ქართველ კოლეგას მოლდოვაში შეხვდება. ამის შესახებ ანდრიი სიბიჰამ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე თქვა „ევროსკოპის“ შეკითხვაზე პასუხად.

„გვსურს, რომ ქართველ პარტნიორებთან ახალი ფურცელი გადავშალოთ. ერევანში ჩვენს ლიდერებს შორის ისტორიული შეხვედრა იყო. მოსაზრებების კარგი გაცვლა შედგა. ჩვენ მზად ვართ მსგავსი კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელებისთვის. უახლოეს მომავალში მოლდოვაში ჩემს ქართველ კოლეგასთან შეხვედრა მექნება. ამდენად, გვსურს, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მიმართულება შესაფერისად დავალაგოთ. ამას იმსახურებენ ჩვენი ხალხი და საზოგადოება. დიახ, ჩვენს ორმხრივ დღის წესრიგში არის რამდენიმე სენსიტიური პრობლემა, საკითხი, მაგრამ მზად ვართ, წინ წავიდეთ", - თქვა ანდრიი სიბიჰამ.

რადიო თავისუფლება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყებიდან მიღებული პასუხი აისახება ტექსტში.

რა იგეგმება მოლდოვაში

14-15 მაისს კიშინიოვში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები და მაღალი რანგის სხვა წარმომადგენლები.

როგორც ევროპის საბჭოს გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, მინისტრთა კომიტეტი პასუხისმგებელია პრიორიტეტების განსაზღვრაზე, გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების მიღებაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობასა და ორგანიზაციის სტანდარტებისა და ვალდებულებების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფაზე თავის წევრ სახელმწიფოებში.

შეხვედრაზე შეაფასებენ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, ასევე იმსჯელებენ ევროპის კონტინენტის ახალი გამოწვევების გადაჭრის გზებზე.


ასევე ნახეთ

„ნორმალიზაციის ორმხრივ ინტერესზე შევთანხმდით“ - სიბიჰამ და ბოჭორიშვილმა კვლავ ისაუბრეს

სიბიჰას და ბოჭორიშვილის შეხვედრა და სატელეფონო საუბარი

6 მაისს, ერევანში შეხვედრიდან ორ დღეში, სატელეფონო საუბარი გამართეს საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ანდრიი სიბიჰამ და მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს საგარეო უწყების პრესცენტრის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სატელეფონო საუბარი უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა.

ერევანში შეხვედრების შემდეგ

კიევისა და თბილისის ურთიერთობაში კომუნიკაციის ასეთი ინტენსივობა უმაღლეს დიპლომატიურ დონეზე სიახლეა, ბოლო წლებში არსებული უთანხმოებების გათვალისწინებით.

უკრაინასა და საქართველოს ამჟამად არ ჰყავთ ელჩები თბილისსა და კიევში - დიპლომატიური ურთიერთობები მათ შორის დროებითი რწმუნებულების დონეზეა.

4 მაისს ერევანში ერთმანეთს შეხვდნენ „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ასევე ნახეთ

კობახიძე და ბოჭორიშვილი ზელენსკის შეხვდნენ

ზელენსკი და კობახიძე ერთმანეთს ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში შეხვდნენ, როცა - თბილისის თანახმად - საუბრის სურვილი უკრაინის პრეზიდენტმა გამოხატა.

საუბრის გაუხმაურებელი დეტალები დიდ ინტერესს იწვევს - კიევსა და თბილისს შორის წლების მანძილზე გართულებული ურთიერთობების ფონზე.

ასევე ნახეთ

ზელენსკისა და კობახიძის შეხვედრა ერევანში - რა [არ] ვიცით