ევროკავშირისთვის მიუღებელია შრიოდერის, როგორც რუსეთთან მომლაპარაკებლის კანდიდატურა

ფოტო არქივიდან. გერჰარდ შრიოდერი(მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი. მოსკოვი, 2018 წლის ივნისი.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები მაისის ბოლოს განიხილავენ უკრაინაში ომის დასრულებისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე რუსეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობას და მოსკოვისადმი ევროკავშირის მოთხოვნებს.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა 11 მაისს ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მინისტრების არაფორმალური შეხვედრა 27-28 მაისს კვიპროსზე გაიმართება. საგარეო საქმეთა მინისტრები კალასის მიერ წარდგენილ წინადადებებზე იმსჯელებენ.

მედიასთან საუბრისას ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა მეზობლებზე რუსეთის მუდმივ თავდასხმებს და განაცხადა, რომ მათი აღკვეთა ევროპის უსაფრთხოების საკითხია.

კაია კალასმა ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ერთ-ერთ პირობად დაასახელა მოლდოვიდან რუსეთის ჯარის გაყვანა.

ასევე ნახეთ

ანდრიი სიბიჰას თქმით, უახლოეს მომავალში მაკა ბოჭორიშვილს შეხვდება მოლდოვაში

ევროკავშირმა უარყო რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივა, რომ მომავალ მოლაპარაკებებზე ევროპას წარმოადგენდეს გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი.

კაია კალასის თანახმად, რუსეთს არ მისცემენ უფლებას, რომ ევროკავშირის მხრიდან მომლაპარაკებელი დანიშნოს. გარდა ამისა, კალასის განცხადებით, შრიოდერი რუსეთის სახელმწიფო კომპანიების ლობისტი იყო და პუტინს ის სურს, რათა „მაგიდის ორივე მხარეს იჯდეს“.

რუსეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის მხრიდან სასურველ მომლაპარაკებლად გერჰარდ შრიოდერი 9 მაისს დაასახელა კრემლში აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე. ამასთან, პუტინის განცხადებით, ევროპამ თავად უნდა შეარჩიოს მომლაპარაკებელი, რომელსაც რუსეთზე „საძაგლობები არ ულაპარაკია“.

პუტინის განცხადების შემდეგ დასავლეთის მედიასაშუალებებმა გერმანიის მთავრობის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ ბერლინმა შრიოდერის კანდიდატურა უარყო. ის მიუღებელია უკრაინისთვისაც.

  • სოციალ-დემოკრატი გერჰარდ შრიოდერი გერმანიის კანცლერი იყო 1998-2005 წლებში. მას პუტინის პირად მეგობრად მოიხსენიებენ.
  • კანცლერობის შემდეგ შრიოდერმა საქმიანობა დაიწყო ნავთობის და გაზის სფეროში და რუსეთის პროექტებს ლობირებდა.
  • 2017 წელს შრიოდერი აირჩიეს რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ. ეს თანამდებობა მხოლოდ უკრაინაში რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დატოვა სამშობლოში, გერმანიაში მწვავე კრიტიკის და ევროკავშირის მხრიდან სანქციების საფრთხის გამო.

ასევე ნახეთ

BILD: გერჰარდ შრიოდერს დაუბლოკეს ანგარიში, რომელზეც რუსეთიდან ერიცხებოდა ფული
  • ევროკავშირს რუსეთთან ოფიციალური კონტაქტები შეწყვეტილი აქვს უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
  • 2026 წლის იანვარში სამმხრივი მოლაპარაკებები დაიწყეს შეერთებულმა შტატებმა, უკრაინამ და რუსეთმა. სამი რაუნდის შემდეგ მოლაპარაკების პროცესი შეჩერდა ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების გამო.
  • მანამდე პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ აღადგინა უკრაინაში ომის გამო რუსეთის ხელისუფლებასთან პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შეჩერებული ურთიერთობა.
  • ბოლო თვეებში ევროკავშირის არაერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აღდგენაა საჭირო.