სააპელაციომ ძალაში დატოვა 2024 წლის დეკემბრის აქციებზე დაკავებული 8 დემონსტრანტის განაჩენი

მოკლედ

  • თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე პაატა სილაგაძემ ძალაში დატოვა 2024 წლის დეკემბრის აქციების დროს დაკავებული რვა დემონსტრანტის შესახებ საქალაქო სასამართლოს მიღებული განაჩენი.
  • პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ისინი დამნაშავედ ცნო ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში, რაც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.
  • მსჯავრდადებულები სააპელაციო საჩივარში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენების გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვდნენ.
ამ საქმეზე ვეფხია კასრაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ზვიად ცეცხლაძეს მისჯილი აქვთ 2,5 წელი, ხოლო დანარჩენ 5 ბრალდებულს – ირაკლი მიმინოშვილს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გორგაძეს – 2 წელი.

"ჩემი უდანაშაულობა ცალსახაა და ეს საქმე აუცილებლად წავა სტრასბურგის სასამართლოში", - თქვა 11 მაისს სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე ერთ-ერთმა დემონსტრანტმა, ზვიად ცეცხლაძემ, რომელმაც ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე, რომლებითაც, მისი შეფასებით, მისი ბრალეულობის დადგენა შეუძლებელი იყო.

"ჩემი, როგორც აქტივისტის, მიზანი დესტაბილიზაციის შემოტანა კი არა, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაა. როგორც მომავალ იურისტს, მინდა, რომ სასამართლო იყოს ყველაზე ძლიერი.

დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ უყურებს საზოგადოება სასამართლოს. საზოგადოება კი სასამართლოს სკეპტიციზმით უყურებს. თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული მართლმსაჯულების უზენაესობა", - უთხრა სასამართლოს ზვიად ცეცხლაძემ.

ამ საქმეზე დაკავებული არც ერთი დემონსტრანტი ბრალს არ აღიარებს - პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვებისას, არ ჩანდა კავშირი დაკავებულ დემონსტრანტებს შორის, რაც ჯგუფური ძალადობის შემთხვევაში, აუცილებელი გარემოებაა და ვერც მოწმედ გამოცხადებული პოლიციელები ვერ ასახელებდნენ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებმაც მათ აქციებზე ზიანი მიაყენეს.

ასევე ნახეთ

8 დემონსტრანტის საქმეზე თამარ მჭედლიშვილმა განაჩენი გამოაცხადა