ევროკავშირის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები 11 მაისს შეთანხმდნენ ახალ სანქციებზე, რომელთა სამიზნე არიან მოძალადე ისრაელელი ახალმოსახლეები მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ასევე მათი მხარდამჭერი ორგანიზაციები - აცხადებს ბლოკის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, კაია კალასი.
"დროა ჩიხიდან მოქმედებაზე გადავიდეთ", - ამბობს კალასი პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. "ექსტრემიზმს და ძალადობას შედეგები მოჰყვება" - დასძენს იგი.
კერძოდ, სანქციების პაკეტის სამიზნეა სამი ახალმოსახლე და ოთხი ორგანიზაცია, რომელთა სახელებს ჯერ არ ასაჯაროებენ. ამ პაკეტის დამტკიცებას თვეების განმავლობაში ბლოკავდა უნგრეთის მთავრობა - რომელიც გასულ თვეში ჩატარებულ არჩევნებში დამარცხდა.
სანქციები დაუწესდება ასევე პალესტინური ჯგუფის, ჰამასის მაღალჩინოსნებს - ეს ჯგუფი აშშ-სა და ისრაელში ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული, ის პასუხისმგებელია 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაზე.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა მკაცრად გააკრიტიკა სანქციები და ხაზი გაუსვა ისრაელელ ახალმოსახლეებსა და ჰამასის წარმომადგენლებს შორის ტოლობის დასმის მიუღებლობას. ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობაც ანონიმურადაა დატოვებული, გამოცემა The Times of Israel-ს უთხრა, რომ ჰამასის წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესება ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის პირობა იყო ახალმოსახლეთათვის სანქციებზე დათანხმებისთვის.
"ევროკავშირს დღეს შემოაქვს სანქციები ისრაელის იმ ძირითადი ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალი მიუძღვით დასავლეთის სანაპიროს ექსტრემისტულ და ძალადობრივ კოლონიზაციაში, ასევე მათი ხელმძღვანელების წინააღმდეგ. ეს უაღრესად მძიმე და მიუღებელი ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს", - წერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო.
მდინარე იორდანეს დასავლეთის სანაპიროზე - რომელსაც გაეროს წევრი ქვეყნების უმრავლესობა მიიჩნევს პალესტინის მომავალი სახელმწიფოს ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად - ცხოვრობს 500 ათასამდე ისრაელელი მოსახლე. მათი რიცხვი ყოველ წელს იზრდება. ასევე მატულობს ძალადობრივი შეტაკებები ახალმოსახლეებსა და პალესტინელებს შორის. მოსახლეთა საკითხი არის ერთ-ერთი საკვანძო პრობლემა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის სამშვიდობო გადაწყვეტის ძალისხმევისთვის.