ტრამპი: ირანთან ზავი "სულს ღაფავს"

დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 11 მაისს განაცხადა, რომ ირანთან ზავი "სულს ღაფავს" - მას მერე, რაც მან უარყო თეირანის პასუხი აშშ-ის სამშვიდობო წინადადებაზე, რამაც გაზარდა შეშფოთება საომარი მოქმედებების განახლების შესახებ 10 კვირის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტში.

რამდენიმე დღეში მას მერე, რაც ვაშინგტონმა წამოაყენა მოლაპარაკების განახლებისკენ მიმართული წინადადება, ირანმა გაავრცელა პასუხი, რომელიც ითვალისწინებს ომის ყველა ფრონტზე დასრულებას - ლიბანის ჩათვლით, სადაც აშშ-ის მოკავშირე ისრაელი ებრძვის ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას ექსტრემისტებს. თეირანის პასუხი ტრამპმა სწრაფად უარყო.

ჰეზბოლა მოიცავს როგორც გასამხედროებულ ჯგუფს, ისე პოლიტიკურ პარტიას, რომელიც აკონტროლებს ლიბანის სამხრეთის დიდ ნაწილს. ჯგუფს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს შეერთებული შტატები, ხოლო ევროკავშირს მხოლოდ მისი შეიარაღებული ფრთა ჰყავს შავ სიაში შეყვანილი.

ჟურნალისტების კითხვას, რამ შეიძლება დაასრულოს ზავი, ტრამპმა უპასუხა: "ვიტყოდი, რომ ახლა ის ყველაზე სუსტია, იმ ნაგვის ნაგლეჯის წაკითხვის შემდეგ, რომელიც მათ გამოგვიგზავნეს. არც დამისრულებია მისი კითხვა".

თავის პასუხში თეირანი ასევე მოითხოვს ომით მიყენებული ზარალის კომპენსაციას, ხაზს უსვამს თავის სუვერენულ უფლებამოსილებას ჰორმუზის სრუტეზე, აშშ-ს მოუწოდებს, შეწყვიტოს ირანის საზღვაო ბლოკადა, გასცეს გარანტია, რომ თავდასხმები აღარ იქნება, მოხსნას სანქციები და გააუქმოს ირანის ნავთობის გაყიდვაზე დაწესებული აკრძალვა.

აშშ-ის წინადადება ითვალისწინებდა საბრძოლო მოქმედებების დასრულებას მანამ, სანამ განხილვას დაექვემდებარებოდა უფრო პრობლემური საკითხები - მათ შორის ირანის ატომური პროგრამა.

ტრამპი ვიზიტით ჩადის ჩინეთში, სადაც, მისივე თქმით, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასაც განიხილავს.

ასევე ნახეთ

ტრამპი არ იწონებს ირანის პასუხს - “სრულიად მიუღებელს” უწოდებს მას