„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველად არჩევა ისტორიული მოვლენაა. მას დიდ წარმატებას ვუსურვებთ და ველით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან – მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ კონფესიასთან – ჩვენი საერთო კულტურული და ცივილიზაციური მიზნებისთვის თანამშრომლობას“, - წერია აშშ-ს საელჩოს ფეისბუკგვერდზე.
„იმ ეტაპზე, როდესაც მსოფლიოს ძალიან სჭირდება მორალური სიცხადე, შერიგება და იმედი, გვჯერა, რომ თქვენი უწმინდესობის სულიერი ხელმძღვანელობა და სიბრძნე შთაგონების წყარო იქნება ყველასთვის, ვინც ერთიანობას ეძებს გაურკვევლობისა და განხეთქილების დროს“, - წერია ევროკავშირის საელჩოს მისალოც ტექსტში.
„ვუსურვებთ მის უწმინდესობას მრავალჟამიერ და ნაყოფიერ მსახურებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მორწმუნეთა საკეთილდღეოდ“, - წერს შვეიცარიის საელჩო.
„ჩეხეთის საელჩო გულწრფელად ულოცავს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ახალი პატრიარქის აღსაყდრებას. ვუსურვებთ მას ძალასა და სიბრძნეს ეკლესიის ხელმძღვანელობისა და რწმენის, ერთიანობისა და მშვიდობის ღირებულებების დაცვის საქმეში“, - წერია საელჩოს გვერდზე.
„მიტროპოლიტ შიო მუჯირს, ამჟამად შიო III-ს, ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას და ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს. „მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო“, - დაწერა გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელ X-ში და ახალი აღთქმიდან ციტატის ნაწილი მოიყვანა.
საქართველოში შვეიცარიის საელჩოში მოქმედმა რუსეთის ინტერესების სექციამ 13 მაისს ფეისბუკზე დაწერა, რომ სექციის ხელმძღვანელმა დმიტრი ოლისოვმა „მისალოცი წერილი გაუგზავნა სრულიად საქართველოს ახლადარჩეულ კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო მესამეს“.
- რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია, - მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად აღიარებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციას რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების ტერიტორიაზე, - ოფიციალური მოსკოვის მსგავსად, ილია II-ის ოფიციალურ ტიტულს მოიხსენიებდა აფხაზეთის გარეშე;
ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში სექცია, მართალია შიო მესამეს სრული ტიტულით მოიხსენიებს, თუმცა უშუალოდ დმიტრი ოლისოვის ციტატაში ტიტული საერთოდ არის ნახსენები. კერძოდ, ციტატა ასეთია:
„თქვენი სახით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრმა 1700 წლის ივერიის სახელგანთქმულმა ეკლესიამ შეიძინა ახალი წინამძღვარი და მარადსახსენებელი უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ღვაწლის ღირსეული გამგრძელებელი.
რუსეთში დიდი აღფრთოვანებით შეხვდნენ ასეთი გამოცდილი ეპისკოპოსის არჩევის ცნობას, რომელიც მამობრივი სიბრძნითა და მსოფლიო მართლმადიდებლობის კანონიკური საფუძვლებისადმი უკომპრომისო ერთგულებით არის ცნობილი. იმედი მაქვს, რომ თქვენი მომავალი საპატრიარქო მსახურება ასევე ხელს შეუწყობს რუსეთისა და საქართველოს დაძმობილებულ ეკლესიებს შორის ტრადიციულად ნდობით სავსე კავშირების განმტკიცებას“.
- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 141-ე პატრიარქი, ილია II 17 მარტს მრავალპროფილურ კლინიკაში 93 წლის ასაკში გარდაიცვალა;
- მან წლების წინ საკუთარ თანამოსაყდრედ შიო მუჯირი 2017 წლის 23 ნოემბერს დაასახელა;
- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე 11 მაისს საქართველოს 142-ე პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აირჩიეს.
- გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.
- შიო მესამეს პატრიარქად არჩევა მიულოცეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა, დიპლომატებმა, ასევე სასულიერო პირებმა.
- შიო მესამეს არჩევა მიულოცა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ.