ტრამპი: უკრაინაში ომის დასრულება ახლოვდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჟურნალისტებს ესაუბრება 12 მაისს, ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტით გამგზავრების წინ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დასრულება „ძალიან ახლოსაა“. ეს ტრამპმა ჟურნალისტებს 12 აპრილს ვაშინგტონში უთხრა სახელმწიფო ვიზიტით ჩინეთში გამგზავრების წინ. რატომ ფიქრობს ასე, აშშ-ის პრეზიდენტს არ განუმარტავს.

ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა პუტინთან რაიმე „ურთიერთგაგება“ რომ რუსეთმა მთელი დონბასი უნდა მიიღოს, ტრამპმა უპასუხა, რომ არა.

  • რუსეთი ომის დასრულების ერთ-ერთ მთავარ პირობად ასახელებს უკრაინის ჯარების მიერ დონბასის სრულად დატოვებას. უკრაინა ტერიტორიების დათმობას გამორიცხავს.
  • 2026 წლის იანვრის მეორე ნახევრიდან აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების სამი რაუნდი გაიმართა. პროცესი შეჩერდა თებერვლის ბოლოდან, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ.

9 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები „დასრულებას უახლოვდება“, თუმცა კონკრეტულად რით დასრულდება ომი, არ უთქვამს.

ასევე ნახეთ

„ომი დასასრულს უახლოვდება“?! - როგორ იქცა „ნარკომანების ხროვის თავკაცი“ „ბატონ ზელენსკიდ“
  • 2022 წლის 24 თებერვალს, კიევის დროით დაახლოებით 05:00 საათისთვის რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ რუსეთის და ბელარუსის ტერიტორიებიდან და 2014 წლიდან ანექსირებული ყირიმიდან.
  • რუსული არმიის მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთნენ შეიარაღებული ფორმირებები მოსკოვის მიერ კონტროლირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებიდან, რომელთა ე.წ. დამოუკიდებლობა რუსეთმა უკრაინის ფართომასშტაბიან შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე, 2022 წლის 21 თებერვალს აღიარა.
  • რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უწოდა და მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა ამ რეგიონებზე სრული კონტროლის დამყარება ვერ შეძლო.