კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე 13 მაისს დილის შვიდი საათისთვის გამოქვეყნებული ცნობით, დრონების „ნამსხვრევების ჩამოცვენის“ შედეგად ხანძარი გაჩნდა „ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე". დაშავდა ერთი ადამიანი. შტაბს კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებია.
რუსეთის ხელისუფლება სხვადასხვა ობიექტზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის დროს, როგორც წესი, „ნამსხვრევების ჩამოცვენის“ შესახებ იუწყება მაშინაც კი, როცა ზიანი გამოწვეულია დრონებით პირდაპირი დარტყმის შედეგად.
- რუსეთის კრასნოდარის მხარის ტემრიუკის რაიონის დაბა ვოლნა ტამანის ნახევარკუნძულზე, შავი ზღვის სამხრეთ ნაპირზე მდებარეობს.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ვოლნაში მდებარე პორტს შეუტიეს, 2025 წლის დეკემბერში. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა მაშინ განაცხადა, რომ დაარტყეს კომპანია „ტამანნეფტეგაზის“ ნავთობის ტერმინალს, დაზიანდა მილსადენი, ორი მისადგომი და ორი გემი. ეს დაზიანებები ადგილობრივმა ხელისუფლებამაც დაადასტურა.
ვოლნაში მდებარე ნავთობის რეზერვუარებზე დრონებით შეტევა იყო 2023 წლის მაისშიც.
ასევე ნახეთ
დრონებით დარტყმის შედეგად ნავთობის გადამუშავება შეაჩერა რუსეთში სიმძლავრით მეორე ქარხანამ - Reutersსააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, მხოლოდ 2026 წლის აპრილში უკრაინის თავდაცვის ძალებმა სულ მცირე 21-ჯერ შეუტიეს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, საზღვაო ტერმინალებს და მილსადენების ინფრასტრუქტურას.
დარტყმის ქვეშ იყო სულ მცირე ცხრა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელთაგან ხუთმა წარმოება სრულად, ან ნაწილობრივ შეწყვიტა.
უკრაინის ხელისუფლება მიზნად ასახელებს რუსეთის საექსპორტო პოტენციალის შემცირებას და შესაბამისად, ომის დაფინანსების წყაროთა შეზღუდვას. რუსეთის ხელისუფლება ამ დარტყმებს „ტერორისტულ შეტევებს" უწოდებს.