შსს „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირის დაკავების შესახებ იუწყება

მათ 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავა - ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. დამატებით შვიდ ადამიანს ბრალი წაუყენეს: ხუთს პენიტენციურ დაწესებულებაში, ორს კი საზღვარგარეთ დაუსწრებლად.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკაბიძემ დაასახელა ლევან მარღიას და ნოდარ შუკაკიძის სახელები და თქვა, რომ ისინი „პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ“.

„დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, თბილისის სხვადასხვა უბანში ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, არჩევდნენ კონკრეტულ პირებს და მათი ნების საწინააღმდეგოდ, ინტერნეტ ბანკის საშუალებით ააქტიურებინებდნენ სესხებს, რის შემდეგაც საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით თანხას“, - თქვა პოლიციის მაღალჩინოსანმა.

ამოღებული ნივთები

ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ამოიღო იარაღები, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა „რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ე.წ. „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ“.

მოსალოდნელი სასჯელი

​„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მხილებულ პირებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა (უკანონო ფორმირებების შექმნა), 236-ე მუხლებით (ჯგუფური მოქმედებების ორგანიზება) მიმდინარეობს.

ასევე ნახეთ

„კანონიერ ქურდ“ „ტურიკელას“ და კიდევ 49 ადამიანს ბრალი წარუდგინეს, ზოგიერთს - დაუსწრებლად

ასევე ნახეთ

„ბაბუ“, „დუკა“, „კალვერა“ - 77 ადამიანი მისცეს პასუხისგებაში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით

ასევე ნახეთ

დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი - შსს