რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობის გაღრმავების“ კანონი მიიღო

ფოტოზე: ალან გაგლოევი და ვლადიმირ პუტინი

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ დაამტკიცა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ წარდგენილი კანონპროექტი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან - დე ფაქტო „სამხრეთ ოსეთთან“ „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების“ შესახებ.

კანონპროექტი, რომელიც პუტინმა 9 მაისს წარუდგინა საკანონმდებლო ორგანოს, დუმამ 13 მაისს მიიღო. ინფორმაცია დუმის საიტზე გამოქვეყნდა.

ამას წინ უძღოდა დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევის ვიზიტს მოსკოვში 9 მაისს და რუსეთის პრეზიდენტთან მისი შეხვედრა, სადაც მათ ამ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

შეთანხმების თანახმად, მხარეები გეგმავენ „კოორდინირებული საგარეო, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გატარებას, ასევე ინფრასტრუქტურისა და ადამიანური პოტენციალის განვითარებას“.

ასევე, დუმის თანახმად, „ორივე ქვეყნის“ „სამთავრობო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გაცემული დოკუმენტები ასევე აღიარებული იქნება რუსეთსა და სამხრეთ ოსეთში“.

ალან გაგლოევმა 9 მაისს პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ისინი „კიდევ ერთ ნაბიჯს დგამენ ქვეყნებისა და ხალხების დაახლოებისკენ“ და „ეს ნაბიჯი ოსი ხალხის გაერთიანების პროცესის დასაწყისი იქნება“.

  • ამ სიახლეს ჯერჯერობით საქართველოს საგარეო უწყება არ გამოხმაურებია.
  • ზოგადად კი თბილისი საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებს მიმდინარე ოკუპაციას.
  • 2026 წლის აპრილში გამოქვეყნებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის თანახმად, „საოკუპაციო ძალა აქტიურად იყენებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს თბილისზე ზეწოლის ინსტრუმენტად და პარალელურად ამზადებს საფუძველს, ხელსაყრელ დროს, ანექსიის განსახორციელებლად“.

ასევე ნახეთ

სუსი: საოკუპაციო ძალა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს თბილისზე ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს