გადაწყვეტილება 2025 წლის ნოემბერში გამოიტანეს, იანვარში კი უოლესის სახელი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა სიაში მოხვდა.
სისხლის სამართლის საქმის დაწყების მიზეზი ოფიციალურად არ გახმაურებულა. მანამდე სახელმწიფო დუმის დეპუტატმა მიხაილ შერემეტმა მოითხოვა უოლესის „სამხედრო დამნაშავედ და ტერორიზმის თანამონაწილედ“ გამოცხადება ყირიმის ანექსიის შესახებ გაკეთებული განცხადებების შემდეგ.
2025 წლის სექტემბერში ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე უოლესი გამოვიდა მოწოდებით, უკრაინას გადაეცეს შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, რათა „მოაშთოს“ ყირიმი და ის „საცხოვრებლად უვარგისად“ აქციოს. მან ასევე თქვა, რომ სურს ყირიმის ხიდის განადგურება, რათა ვლადიმირ პუტინმა „გაიგოს, რომ მას რაღაც აქვს დასაკარგი“.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ამ განცხადებებს „სისულელე“ უწოდა.
უოლესს 2019 წლიდან 2023 წლამდე ეკავა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობა და 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევის ერთ-ერთი მთავარი მომხრე იყო დასავლეთში.