თბილისში ეხმაურებიან ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობის გაღრმავების“ შესახებ რუსეთში მიღებულ კანონს

(მარცხნიდან) ვლადიმირ პუტინი და ალან გაგლოევი

თბილისში ეხმაურებიან დუმის მიერ რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ მიღებულ კანონს. ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს უმოქმედობაში, რასაც “ ქვეყნის ინტერესების საბოტაჟად” აფასებს. მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით კი, საქართველოს შეზღუდული რესურსები აქვს ამგვარ გადაწყვეტილებებზე რეაგირებისთვის.

ასევე ნახეთ

რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობის გაღრმავების“ კანონი მიიღო

დღეს, 14 მაისს, ამ საკითხთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციური პარტიის, "ძლიერი საქართველო - ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების "ანექსიის პროცესი წინ მიდის საქართველოს დღევანდელი მმართველი რეჟიმის მდუმარე მხარდაჭერით".

ის დაინტერესდა, მიმართა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ, საგარეო უწყებამ მოკავშირეებს, "საქართველოს დიპლომატიურ მისიებსა და წარმომადგენლობებს ანექსიის პროცესზე შესაბამისი საერთაშორისო რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით", "გაიმართა თუ არა ერთი შეხვედრა მაინც ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებთან, აშშ-ს ადმინისტრაციასთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომ ვინმეს ხმა ამოეღო, დაეგმო რუსეთის მიერ ანექსიის მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი".

"მსგავსი დიპლომატიური მოქმედებების განხორციელებისგან თავშეკავება, მოცემულ ვითარებაში არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება. თუ ვინმეს აინტერესებს, რეალურად რა არის სახელმწიფოს საბოტაჟი, ეს მიმდინარე ანექსიის პროცესის რეაგირების გარეშე დატოვებაა სწორედ და მასზე შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მმართველ რეჟიმს", - თქვა სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციურმა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა და მოუწოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, "გამოვიდეს დანაშაულებრივი დუმილისა და უმოქმედობის რეჟიმიდან და მკაფიოდ გამოხატოს პოზიცია".

მედიასთან ამ საკითხის კომენტირებისას, სადავო პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ "იმ პირობებში, როდესაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არის მოშლილი, ომი და ადამიანების ხოცვის შეწყვეტა ვერ ხერხდება, რა თქმა უნდა, შეზღუდულია რესურსები, რომ საქართველოს ამგვარ გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება ჰქონდეს".

მისი სიტყვებით, ხელისუფლებისთვის „მთავარია, რომ ჩვენი პოლიტიკა მიმართული იყოს, რომ არ დაზიანდეს გრძელვადიანად ის ინტერესი, რაც გულისხმობს საქართველოს გაერთიანებას“.

"რაც შეეხება ცხინვალს - თუ არ ვცდები, რუსეთის დუმაში რატიფიცირება მოხდა შეთანხმების. სწორედ ეს არის ოკუპაციის რისკები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. სწორედ ეს არის ოკუპაციის მავნე შედეგები, რომელიც განგრძობადია. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ გონივრული პოლიტიკით, მშვიდობიანი პოლიტიკით შეძლოს ამ გამოწვევების გადაჭრა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ გვაქვს ორი ეროვნული ამოცანა: ქვეყნის გამთლიანება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. ყველა ჩვენი გადაწყვეტილება ემსახურება სწორედ ამას", - თქვა პაპუაშვილმა.

კანონი „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების“ შესახებ.

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ დაამტკიცა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ წარდგენილი კანონპროექტი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან - დე ფაქტო სამხრეთ ოსეთთან - „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების“ შესახებ.

კანონპროექტი, რომელიც პუტინმა 9 მაისს წარუდგინა საკანონმდებლო ორგანოს, დუმამ 13 მაისს მიიღო. ინფორმაცია დუმის საიტზე გამოქვეყნდა.

ამას წინ უძღოდა დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევის ვიზიტი მოსკოვში 9 მაისს და რუსეთის პრეზიდენტთან მისი შეხვედრა, რომელზეც ამ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

შეთანხმების თანახმად, მხარეები გეგმავენ „კოორდინირებული საგარეო, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გატარებას, ასევე ინფრასტრუქტურისა და ადამიანური პოტენციალის განვითარებას“.

ასევე, დუმის თანახმად, „ორივე ქვეყნის“ „სამთავრობო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გაცემული დოკუმენტები ასევე აღიარებული იქნება რუსეთსა და სამხრეთ ოსეთში“.

ალან გაგლოევმა 9 მაისს პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ისინი „კიდევ ერთ ნაბიჯს დგამენ ქვეყნებისა და ხალხების დაახლოებისკენ“ და „ეს ნაბიჯი ოსი ხალხის გაერთიანების პროცესის დასაწყისი იქნება“.

  • ამ სიახლეს ჯერჯერობით საქართველოს საგარეო უწყება არ გამოხმაურებია.
  • ზოგადად კი თბილისი საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებს მიმდინარე ოკუპაციას.
  • საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის თანახმად, რომელიც 2026 წლის აპრილში გამოქვეყნდა, „საოკუპაციო ძალა აქტიურად იყენებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს თბილისზე ზეწოლის ინსტრუმენტად და პარალელურად ამზადებს საფუძველს, ხელსაყრელ დროს, ანექსიის განსახორციელებლად“.