რიაზანის ოლქის გუბერნატორმა პაველ მალკოვმა 15 მაისს გამთენიისას განაცხადა, რომ ქალაქ რიაზანში დაიღუპა 3 ადამიანი და დაიჭრა 12, მათ შორის ბავშვები.
გუბერნატორის თანახმად, დაზიანებულია ორი მრავალსართულიანი სახლი, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე დრონების ნამსხვრევები ჩამოცვივდა. მალკოვს კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებია.
რუსეთის ხელისუფლება სხვადასხვა ობიექტზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის დროს, როგორც წესი, „ნამსხვრევების ჩამოცვენის“ შესახებ იუწყება მაშინაც კი, როცა ზიანი გამოწვეულია დრონებით პირდაპირი დარტყმის შედეგად.
რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად” გამოცხადებული გამოცემა ASTRA თვითმხილველების მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე წერს, რომ რიაზანში ორი სახლის გარდა დაზიანებულია ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.
- რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ სტრუქტურაშია, წელიწადში დაახლოებით 17 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია და ყველა მარკის ბენზინს, დიზელის და საავიაციო საწვავს, მაზუთს, გათხევადებულ გაზს და ნავთობქიმიურ ნედლეულს აწარმოებს.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა რიაზანის ქარხანას რამდენჯერმე დაარტყეს 2024-2025 წლებში.
განახლება: 15 მაისს დღის მეორე ნახევარში უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე შეტევა. გენშტაბის ინფორმაციით, დარტყმის შედეგად ქარხნის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
ქალაქ რიაზანში მსხვერლის შესახებ განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა ადგილობრივმა ხელისუფლებამ - დაიღუპა 4 და დაშავდა 28 ადამიანი.