24 დაღუპული - კიევში გლოვის დღეა

14 მაისს რუსული რაკეტით დარტყმა იყო კიევის დარნიცის რაიონში მდებარე მრავალბინიან სახლზე

უკრაინელმა მაშველებმა 15 მაისს დილით დაასრულეს სამძებრო სამუშაოები კიევის დარნიცის რაიონში, სადაც 14 მაისს რუსულმა რაკეტამ მრავალბინიანი სახლის ნაწილი დაანგრია.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ იჰორ კლიმენკოს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია 28 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

15 მაისის დილისთვის დადასტურებულია, რომ კიევზე რუსული დრონებითა და რაკეტებით მასირებული შეტევის შედეგად დაიღუპა 24 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. დაშავდა 48.

15 მაისი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა.

  • 14 მაისს რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს მასირებული შეტევა, რომლის მთავარი სამიზნე კიევი იყო.
  • უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, რუსეთმა გამოიყენა 675 დრონი და 56 რაკეტა. ერთი დღით ადრე, 13 მაისს რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მასირებული შეტევა მიიტანეს 800-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატით.

ასევე ნახეთ

აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ რიაზანში - სამიზნე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 მაისს ღამით განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, კიევში სახლზე დარტყმა იყო რუსეთის მიერ ამ წლის მეორე კვარტალში გამოშვებული რაკეტით Х-101, რაც ნიშნავს, რომ რუსეთი გლობალური სანქციებისთვის გვერდის ავლით ახერხებს რაკეტების წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების და დანადგარების მიღებას.

ზელენსკის თქმით, უკრაინის ყველა პარტნიორის რეალური მიზანი უნდა იყოს სანქციებისთვის გვერდის ავლის სქემების შეჩერება.

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, 13-14 მაისს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 1500-ზე მეტი დრონი და 56 რაკეტა, დრონების მოგერიების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი, 93%-ია, რაკეტებისგან თავდაცვა კი გაცილებით რთული ამოცანაა და უკრაინას პარტნიორებისგან მეტი დახმარება სჭირდება.

14 მაისს, უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის გამომწვევი მასირებული შეტევის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის სამოქალაქო ობიექტებზე უკრაინის „ტერორისტულ შეტევებზე“ პასუხად, შორ მანძილზე მოქმედების მაღალი სიზუსტის იარაღით, მათ შორის აერობალისტიკური რაკეტებით „კინჟალი“ და დამრტყმელი დრონებით, მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებზე, სამხედრო აეროდრომებზე და საწვავის და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც უკრაინის არმია იყენებს.

  • რუსეთი „ტერორისტულს" უწოდებს უკრაინის თავდაცვის ძალების ხშირ შეტევებს ნავთობის საცავებზე, ნავთობგადამამუშავებელ და სამხედრო დანიშნულების ქარხნებსა და სხვა საწარმოებზე, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.
  • უკრაინის ხელისუფლება მიზნად ასახელებს რუსეთის საექსპორტო პოტენციალის შემცირებას და შესაბამისად, ომის დაფინანსების წყაროთა შეზღუდვას.