15 მაისს ინფორმაცია პირველად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. მისი განცხადებით, არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით გათავისუფლებული 205 რუსი სამხედრო გადაიყვანეს ბელარუსის ტერიტორიაზე, საიდანაც რუსეთში დაბრუნდებიან.
მოგვიანებით უკრაინის საკოორდინაციო შტაბმა, რომელიც ტყვეთა გათავისუფლების საკითხებზე მუშაობს, დაადასტურა, რომ რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებულია უკრაინის 205 დამცველი. პრაქტიკულად ყველა მათგანი ტყვეობაში ოთხი წლის განმავლობაში იმყოფებოდა.
შტაბის თანახმად, ეს აშშ-ის შუამავლობით მიღწეული, 1000-1000 ტყვის გაცვლის შეთანხმების რეალიზაციის პირველი ეტაპია. უკრაინამ შუამავლობისთვის მადლობა გადაუხადა არაბთა გაერთიანებულ საამიროებსაც.
- აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 მაისს გამოაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი სამდღიან ზავთან ერთად დასთანხმდნენ 1000-1000 სამხედრო ტყვის გაცვლას.
ასევე ნახეთ
24 დაღუპული - კიევში გლოვის დღეაუკრაინამ და რუსეთმა ტყვეები რამდენჯერმე გაცვალეს ომის დასრულების პირობების შესახებ 2026 წლის იანვარსა და თებერვალში გამართული აშშ-უკრაინა-რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში. პირველი ორი რაუნდი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართა, ხოლო მესამე - შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში.
უკრაინა და რუსეთი ერთმანეთისთვის სამხედრო ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გადაცემაზე 2025 წლის მაის-ივლისშიც შეთანხმდნენ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგად. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ტყვეთა გაცვლა რამდენჯერმე შედგა 2022-2024 წლებშიც.