კიევი: განადგურებულია რუსეთის თვითმფრინავი-ამფიბია ბე-200 "ალტაირი" და სატვირთო გემი საბრძოლო კომპლექტით

საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი-ამფიბია ბე-200 "ალტაირი".

უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალებმა განაცხადეს, რომ განადგურებულია რუსეთის მრავალფუნქციური ამფიბიური თვითმფრინავი ბე-200 „ალტაირი“ და ვერტმფრენის კა-27 და მშრალი ტვირთმზიდი, რომელსაც საბრძოლო კომპლექტი გადაჰქონდა.

როგორც იტყობინებიან, უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალებმა განახორციელეს „მიზნობრივი დარტყმების სერია რუსეთის სამხედრო ძალების თვითმფრინავებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, ლოგისტიკურ ობიექტებსა და პირადი შემადგენლობის განლაგებაზე“.

უპილოტო ძალების ცნობით, ქალაქ იეისკში ჩამოაგდეს თვითმფრინავი ბე-200 „ალტაირი“ და ვერტმფრენი კა-27, ანექსირებულ ყირიმში საზენიტო-სარაკეტო სისტემა „პანცირ-1C“, ხოლო ბერდიანსკში მიზანში მოარტყეს მშრალ ტვირთმზიდ გემს, რომელსაც საბრძოლო კომპლექტი გადაჰქონდა.

უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ლუგანსკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში განადგურებულია საზენიტო-სარაკეტო სისტემა „ტორ-M2“, ასევე დაბომბეს სასწავლო ცენტრი და რუსეთის ჯარისკაცების დროებითი განლაგების ადგილი.

„უპილოტო სისტემების ძალები აგრძელებენ მტრის სამხედრო ინფრასტრუქტურის კრიტიკული ელემენტების სისტემატურ განადგურებას, რაც ამცირებს მის უნარს, აწარმოოს საბრძოლო ოპერაციები,“ ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთში ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების განცხადებაზე.

14-15 მაისის ღამეს დრონებმა დაბომბეს რიაზანი, რის შედეგადაც ცეცხლი გაუჩნდა ადგილობრივ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომლის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 17,1 მილიონი ტონა ნავთობია, და დაზიანდა ორი საცხოვრებელი შენობა. რეგიონის გუბერნატორმა პაველ მალკოვმა განაცხადა, რომ სამი ადამიანი დაიღუპა, შვიდი ადამიანი საავადმყოფოში მოათავსეს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია ბელგოროდის თბოელექტროსადგურზე რაკეტის დარტყმის შესახებ.

ასევე ნახეთ

აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ რიაზანში - სამიზნე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა