ტრამპის თქმით, ალ-მაინუკი იყო „მსოფლიოში ყველაზე აქტიური ტერორისტი“ და „ისლამური სახელმწიფოს“ გლობალური იერარქიის მეორე უმაღლესი რანგის წევრი. ტერორისტს „ეგონა, რომ აფრიკაში გაქცევა შეძლებდა“, მაგრამ აშშ-ის სპეცსამსახურები მის საქმიანობას აკონტროლებდნენ, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპს არ დაუკონკრეტებია, სად ან როდის ჩატარდა ოპერაცია, მაგრამ თქვა, რომ ალ-მაინუკის ლიკვიდაციის შემდეგ, „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობა „მნიშვნელოვნად შესუსტდა“. მან ასევე მადლობა გადაუხადა ნიგერიის მთავრობას თანამშრომლობისთვის.
აშშ-მა ალ-მაინუკის წინააღმდეგ 2023 წელს დააწესა სანქციები. ნიგერიის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოქმედებენ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და „ალ-ყაიდასთან“ დაკავშირებული დაჯგუფებები, მათ შორის „ბოკო ჰარამი“. 2025 წლის დეკემბერში შეერთებულმა შტატებმა ქვეყანაში ისლამისტური სამიზნეების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები დაიწყო და მოგვიანებით რეგიონში დრონები და დაახლოებით 200 ჯარისკაცი გაგზავნა ნიგერიის არმიის მხარდასაჭერად.