Haaretz-ი: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის მინისტრების დაპატიმრების საიდუმლო ორდერების გაცემა მოითხოვა

იტამარ ბენ გვირი (მარცხნივ) და ბეზალელ სმოტრიჩი

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ რამდენიმე ისრაელი მოხელის მიმართ საიდუმლო დაპატიმრების ორდერები მოითხოვა, იტყობინება ისრაელის ყოველდღიური Haaretz-ი დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით.

Haaretz-ი წყაროს ცნობით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა მოითხოვა ისრაელის ფინანსთა მინისტრის, ბეზალელ სმოტრიჩისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ-გვირის, დაპატიმრების საიდუმლო ორდერების გაცემა. დიპლომატიური წყაროს ცნობით, კიდევ სამი ორდერი მინისტრ ორიტ სტროკისა და ისრაელის თავდაცვის ძალების ორი მოხელის წინააღმდეგ იქნება გაცემული.
მათი ვინაობა ოფიციალურად არ გავრცელებულა და ორდერების შესაძლო დროც უცნობია.

ადრე მედიასაშუალებებმა ასევე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურა სმოტრიჩის და ბენ გვირის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შესაძლებლობას იკვლევდა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდება არ მოითხოვს ეჭვმიტანილების წინასწარ ინფორმირებას დაპატიმრების ორდერების შესახებ. Haaretz-ის წყაროების ცნობით, საიდუმლოება ზრდის ეჭვმიტანილების დაკავების შესაძლებლობას, ხოლო საჯარო ორდერები პოლიტიკოსებს საშუალებას აძლევს, თავი აარიდონ იმ ქვეყნებში ჩასვლას, სადაც მათი დაპატიმრება შეიძლება.

2024 წლის ბოლოს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის მიმართ დაპატიმრების ორდერები გასცა. ისინი ეჭვმიტანილები არიან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და ომის დანაშაულებში, რომლებიც ჩადენილი იქნა 2023 წლის 8 ოქტომბრიდან 2024 წლის 20 მაისამდე პერიოდში ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციის დროს. სასამართლომ შემდეგ განაცხადა, რომ ბრალდება მოიცავდა მასობრივ შიმშილს, მკვლელობებს, დევნას და მშვიდობიან მოსახლეობაზე განზრახ თავდასხმებს.

ისრაელის ოპერაცია ღაზაში დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინური დაჯგუფება ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტული ორგანიზაცია) სამხრეთ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ. ჰამასის თავდასხმისას ათასზე მეტი ადამიანი მოკლეს, 250-ზე მეტი მძევალი აიყვანეს და ღაზაში გადაიყვანეს.

ისრაელის ოპერაციას ღაზის სექტორში 70 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ღაზის ჯანდაცვის უწყების ამ მონაცემებს გაერო იზიარებს.

ასევე ნახეთ

ევროკავშირი სანქციებს უწესებს მოძალადე ისრაელელ ახალმოსახლეებს და ჰამასის წევრებს