რუსული პროპაგანდისტული მედიის თანახმად, მზადდება ზელენსკას „დაპატიმრება".
უკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა მოქალაქეებს და მედიის წარმომადგენლებს მიმართეს, ინფორმაცია ოფიციალური წყაროებით გადაამოწმონ და ხელი არ შეუწყონ მანიპულაციებს და „ფეიკების“ გავრცელებას, რასაც რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ საინფორმაციო ომის ელემენტად.
რა ცნობა გაავრცელა რუსეთის პროპაგანდისტულმა მედიამ
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ 17 მაისს საღამოს, „რუსეთის ძალოვან სტრუქტურებზე“ დაყრდნობით დაწერა, რომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა „ასრულებენ გამოძიებას“ ოლენა ზელენსკას წინააღმდეგ, მისი „დაკავების საფუძველი საკმარისზე მეტია“, ამჟამად გადაწყვეტის ეტაპზეა „სისხლის სამართლის რომელი საქმე უნდა იყოს პირველი“, პოლიტტექნოლოგები კი ვოლოდიმირ ზელენსკის ურჩევენ, ცოლს „ოფიციალურად და მაქსიმალურად საჯაროდ გაეყაროს“.
რა საქმეებია ეს, რუსულ პროპაგანდისტულ სააგენტოს არ დაუკონკრეტებია და ზოგადად ახსენა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანილი ანდრი ერმაკის საქმე.
ასევე ნახეთ
ზელენსკის „რუხი კარდინალი“, მკითხავ-ასტროლოგი და მილიონების გათეთრება - რას ედავება პროკურატურა ანდრიი ერმაკს?რუსეთის სახელმწიფო სააგენტოს ცნობას, რომელიც შემდეგ სხვა რუსული და პრორუსული მედიასაშუალებებითაც გავრცელდა, 17 მაისს ღამით ერთობლივი განცხადებით უპასუხეს უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ.
მათი განმარტებით, არანაირი პროცესუალური მოქმედებები, რომლებზეც ყალბ ინფორმაციაშია საუბარი, არ მიმდინარეობს.
უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების თანახმად, მსგავსი „ფეიკები“ ნაწილია აგრესორი სახელმწიფოს მხრიდან დეზინფორმაციის სისტემური კამპანიის, რომელიც მიმართულია უკრაინის ინსტიტუტების დისკრედიტაციის, ანტიკორუფციული ორგანოებისადმი ნდობის შერყევის, საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციისა და სრულმასშტაბიანი ომის პირობებში უკრაინის ერთიანობის დასუსტებისკენ.