საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუსი

საილუსტრაციო ფოტო არქივიდან: საოკუპაციო ხაზი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გაათავისუფლეს 15 მაისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე.

უწყების ცნობით, ისინი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

"უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ მართული "ცხელი ხაზი".

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს მოქალაქეების "რესპუბლიკის ფარგლებიდან გაძევების" შესახებ ცნობა, საინფორმაციო სააგენტო "რესმა" გაავრცელა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტზე ("კაგებე") დაყრდნობით.

დე ფაქტო უწყების ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის ორმა მკვიდრმა 26 წლის ნიკოლოზ თადტაევმა და 50 წლის იმედა ცეცხლაძემ "განზრახ გადაკვეთეს სასაზღვრო პუნქტი ლენინგორის (ახალგორის) მიდამოებში", რა დროსაც ისინი "სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელმა" დააკავეს.

  • რუსეთის საოკუპაციო ძალები საქართველოს მოქალაქეებს ხშირად აკავებენ უკანონოდ, - ზოგჯერ საოკუპაციო ხაზთან, ზოგჯერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, - განგრძობადი „ბორდერიზაციის“ პირობებში.