პეკინში ვიზიტის წინ პუტინმა ჩინეთის მოქალაქეებს მიმართა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი(ფოტო არქივიდან)

ჩინეთში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტის შემდეგ, 19 მაისს პეკინში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტს იწყებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. ის პეკინში ჩინეთის მეთაურმა სი ძინპინმა მიიწვია.

კრემლმა პუტინის ვიზიტის წინ გამოაქვეყნა მისი ვიდეომიმართვა ჩინეთის მოქალაქეებისადმი. პუტინის განცხადებით, რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობამ „უპრეცედენტო დონეს“ მიაღწია, აქტიურად ვითარდება კონტაქტები პოლიტიკის, ეკონომიკის და თავდაცვის სფეროებში, სავაჭრო ბრუნვა იზრდება და დიდი ხანია გადააჭარბა 200 მილიარდ დოლარს და მიესალმებიან ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლას.

პუტინის განცხადებით, რუსეთ-ჩინეთის მჭიდრო სტრატეგიული კავშირი „მნიშვნელოვან მასტაბილიზებელ როლს ასრულებს მსოფლიო არენაზე“ და მათი „მეგობრობა“ არავის წინააღმდეგ მიმართული არ არის.

ასევე ნახეთ

თუკიდიდეს ჩიხი თუ სტრატეგიული სტაბილურობა - ვაჯამებთ ტრამპის ვიზიტს ჩინეთში

უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, დამანგრეველი ომის წამომწყები პუტინის თანახმად, რუსეთი და ჩინეთი მუშაობენ „მშვიდობის საქმისა და საყოველთაო კეთილდღეობისთვის“ და „კოორდინირებულად“ მოქმედებენ „საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების დასაცავად".

გამოცემა Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ კვირაში ჩინეთის მეთაურმა სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პეკინში შეხვედრისას უთხრა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა, უკრაინაში შეჭრა ინანოს.

უკრაინის, აშშ-ის და ევროკავშირის წარმომადგენლებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ჩინეთს პუტინზე ზეწოლით შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ ომის შეჩერება. 2025 წლის სექტემბერში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიუ-იორკში, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ „ჩინეთის გარეშე პუტინის რუსეთი არაფერია“.

პეკინში პუტინის ვიზიტის წინ მისმა თანაშემწე იური უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის და ჩინეთის ლიდერები განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების ყველაზე მნიშვნელოვან და მგრძნობიარე საკითხებს.

როგორც დასავლეთის მედია წერს, რუსეთს იმედი აქვს, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ მსოფლიოს ენერგეტიკულ ბაზრებზე შექმნილი პრობლემები ჩინეთს აიძულებს მეტი რუსული საწვავის შეძენას.

ასევე ნახეთ

ირანის ომი მწვანე სინათლეს აუნთებს რუსეთის პროექტ "ციმბირის ძალა-2"-ს?







.