კანის კინოფესტივალზე ზვიაგინცევის ფილმის, „მინოტავრის“ პრემიერა გაიმართა

კინორეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი (არქივი)

19 მაისს კანის 79-ე კინოფესტივალზე რეჟისორ ანდრეი ზვიაგინცევის ახალი ფილმის, „მინოტავრის“ პრემიერა გაიმართა. ეს მისი პირველი ფილმია თითქმის 10 წლის შემდეგ.

რეჟისორი მძიმედ იყო ავად, საზღვარგარეთ მკურნალობდა და 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთში აღარ დაბრუნებულა. ფილმი საზღვარგარეთ, ძირითადად რიგაში, რუსულ ენაზე გადაიღეს. ის საფრანგეთის, გერმანიისა და ლატვიის ერთობლივი ნაწარმოებია.

ფილმი ფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობს. მედიის ცნობით, პრემიერის შემდეგ, მაყურებელმა სურათს ფეხზე ადგომით გაუმართა ოვაციები, რომლებიც დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა.

თავად ზვიაგინცევმა მადლობა გადაუხადა თავის „მუდმივ გუნდს, რომელიც ფრაგმენტებივით იყო მიმოფანტული მთელ მსოფლიოში“, ასევე - „საფრანგეთში, გერმანიასა და ლატვიაში მყოფ პროდიუსერებს, რომლებმაც ფილმის რუსულ ენაზე გადაღება შესაძლებელი გახადეს“.

„ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი საქმის კეთების შესაძლებლობა დაგვიბრუნდა“, - თქვა ზვიაგინცევმა.

ასევე ნახეთ

სამშობლო, რომელმაც გიღალატა

კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ფილმი შეიძლება განიმარტოს, როგორც ომის საწინააღმდეგო განცხადება. მოქმედება 2022 წლის შემოდგომაზე რუსეთში ვითარდება.

ზვიაგინცევმა, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ რუს რეჟისორად მიიჩნევა, თავისი წინა ფილმი, „უსიყვარულო“, 2017 წელს გამოუშვა. ფილმმა კანის კინოფესტივალის ჟიურის პრიზი მოიპოვა.

ადრე კანში შედგა კიდევ ერთი რეჟისორის, კანტემირ ბალაგოვის, „პეპლების ჯემის“ პრემიერა. ბალაგოვმა, ზვიაგინცევის მსგავსად, ასევე დატოვა რუსეთი.

ასევე ნახეთ

კანის ფესტივალის იაპონური გაზაფხული