მცდარი ინფორმაცია გამოქვეყნდა 19 მაისს შუადღისას "კომპიუტერული შეცდომის გამო" სადგურის მთავარ სტუდიაში, აღმოსავლეთ ესექსში, მოლდონში, განაცხადა Radio Caroline-მ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში.
შეცდომა გამოიწვია მონარქის სიკვდილის შემთხვევისთვის წინასწარ მომზადებული მასალის გაშვებამ. მსგავსი პროცედურა „დიდი ბრიტანეთის ყველა რადიოსადგურს მზად აქვს, იმ იმედით, რომ არ დასჭირდება“, - დაწერა რადიოსადგურის მენეჯერმა პიტერ მურმა Facebook-ის პოსტში.
„Radio Caroline ყოველთვის სიამოვნებით გადასცემდა მისი უდიდებულესობა დედოფლის და ახლა უკვე მეფის
საშობაო მიმართვას და ვიმედოვნებთ, რომ ამას მრავალი წლის განმავლობაში გავაკეთებთ“, - თქვა მან, როცა ერისადმი მონარქის ტრადიციულ საშობაო მიმართვას გულისხმობდა.
„ბოდიშს ვუხდით მის უდიდებულესობას მეფეს და ჩვენს მსმენელებს შექმნილი ნებისმიერი უხერხულობისთვის“, - დასძინა მურმა.
უსიამოვნო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ჩარლზი და დედოფალი კამილა ჩრდილოეთ ირლანდიაში იმყოფებოდნენ ირლანდიური ფოლკლორული ჯგუფის წარმოდგენაზე.
1964 წელს BBC-ის მაუწყებლობის მონოპოლიის წინააღმდეგ საბრძოლველად დაარსებული Radio Caroline ადრე ინგლისის სანაპიროსთან მდებარე გემებიდან მაუწყებლობდა.
მას შემდეგ, რაც 1967 წელს კანონმდებლობამ ბევრი მეკობრული მაუწყებელი აიძულა დაეხურათ, ის პერიოდულად აგრძელებდა მუშაობას, სანამ 1990 წელს მაუწყებლობა არ შეწყვიტა.
Radio Caroline-სა და სხვა მსგავსი მეკობრული სადგურების შთაგონებით გადაიღეს 2009 წელს კომედიური ფილმი „ნავი, რომელიც ირყეოდა“, ექსცენტრული დი ჯეების ჯგუფის შესახებ, რომლებიც ზღვაში ერთად ცხოვრობენ და მუშაობენ.