„მოხსენებითი ბარათის თანახმად, საინფორმაციო გამოშვების წამყვანებისა და ჟურნალისტების წარმოთქმული ფრაზები ["ოცნების" შსს, "ოცნების" ჯანდაცვის მინისტრი, პროსამთავრობო "რუსთავი 2" და სხვა.] კონტექსტისა და გავრცელების ინტენსივობის გათვალისწინებით წარმოადგენს მაუწყებლის პირადი მოსაზრების საფუძველზე ახალი ამბების გაშუქებას, რაც ეწინააღმდეგება მაუწყებლობის შესახებ კანონს“, - თქვა კომუნიკაციების კომისიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა და ტელეარხის სანქცირების პროექტი წარუდგინა კომისიას.
კომისიის თანამშრომლის თქმით, 22 აპრილის საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთ სიუჟეტში, რომელიც დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებს შეეხებოდა, არ იყო ბალანსი დაცული - „წარმოდგენილი იყო მხოლოდ მშობლების პოზიცია, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს ალტერნატიული განმარტება ან კომენტარი სიუჟეტში არ ყოფილა წარმოდგენილი“.
კომისიამ საინფორმაციო გამოშვებებში მსგავსი ლექსიკის გამოყენებისთვის „ფორმულა“ 8 აპრილსაც გააფრთხილა - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით. გაფრთხილების შემდეგი სანქცია ჯარიმაა.
2025 წლის თებერვალში პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლითაც მაუწყებლების ეთერში გასულ მასალასთან დაკავშირებით ეთიკური დილემების განხილვა თვითრეგულირების ნაცვლად კომუნიკაციების კომისიას დაევალა. კანონი გასული წლის 1 აპრილს ამოქმედდა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო არაერთი კანონი, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეზღუდეს გამოხატვის თავისუფლება:
- აიკრძალა ტელემაუწყებლებისთვის გრანტის მიღება;
- სხვა მედიასაშუალებების ან არასამთავრობო ორგანიზაციების შემთხვევაში გრანტის მისაღებად აუცილებელი გახდა მთავრობის თანხმობა;
- გამკაცრდა რეგულაცია აქციების გამართვაზე.