დასავლეთის ქვეყნები ისრაელისგან მოითხოვენ, შეაჩეროს დასახლებების გაფართოება იორდანეს დასავლეთ ნაპირზე

ისრაელის მიერ გაშენებული დასახლება მაალე ადუმიმი პალესტინელთა ტერიტორიაზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე

ისრაელმა უნდა შეაჩეროს დასახლებების გაფართოება იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და შეაჩეროს მზარდი ძალადობა ისრაელი მოსახლეების მხრიდან, - განაცხადა 22 მაისს დასავლეთის შვიდმა დიდმა ქვეყანამ და ისრაელის მთავრობა დასავლეთ ნაპირზე დაძაბულობის გამწვავებაში დაადანაშაულა.

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, დასავლეთ ნაპირზე ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა“, - წერია დიდი ბრიტანეთის, იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, კანადის, ავსტრალიის და ახალი ზელანდიის ერთობლივ განცხადებაში.

„მოსახლეთა ძალადობა უპრეცედენტო დონეზეა. ისრაელის მთავრობის პოლიტიკა და პრაქტიკა, მათ შორის ისრაელის კონტროლის შემდგომი განმტკიცება, ძირს უთხრის სტაბილურობას და ორი სახელმწიფოს შექმნის პრობლემის გადაწყვეტის პერსპექტივებს.“

ისრაელის მთავრობას განცხადებაზე კომენტარი დაუყოვნებლივ არ გაუკეთებია.

განცხადება ხაზს უსვამს დასავლეთის ბევრ ქვეყანაში მზარდ აღშფოთებას პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მიმართ, რომელმაც გააფართოვა დასახლებები პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიაზე - იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, რაც, დიპლომატების თქმით, პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეის დასამარებისკენ არის მიმართული.

მათ მოუწოდეს ნეთანიაჰუს კოალიციას, პალესტინელი მკვიდრების წინააღმდეგ ძალადობისთვის პასუხისგებაში მისცეს მოსახლეები და გამოიძიოს ისრაელის ძალების მიერ ჩადენილი ძალადობის ბრალდებები.

შვიდმა ქვეყანამ განაცხადა, რომ იერუსალიმის წმინდა ადგილების ისტორიული სტატუს-კვო უნდა შენარჩუნდეს, ხოლო პალესტინელთა ეკონომიკაზე ფინანსური შეზღუდვები უნდა მოიხსნას. მათ ასევე მოუწოდეს ისრაელს, შეაჩეროს საკამათო E1 დასახლების პროექტი, რომელიც კვეთს იმ ტერიტორიას, სადაც პალესტინელების სახელმწიფოს ნაწილი უნდა იყოს და განაცხადეს, რომ იქ მშენებლობა „საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას“ წარმოადგენს.

მათ გააფრთხილეს კომპანიები, არ მიიღონ მონაწილეობა E1-ის ან ნებისმიერი სხვა დასახლების მშენებლობის ტენდერებში.

„მათ უნდა იცოდნენ დასახლებების მშენებლობაში მონაწილეობის სამართლებრივი და რეპუტაციული შედეგების შესახებ, მათ შორის საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევების საფრთხის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე ნახეთ

ევროკავშირი სანქციებს უწესებს მოძალადე ისრაელელ ახალმოსახლეებს და ჰამასის წევრებს